გუშინ ნეტგაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ biletebi.ge-ს წილის 60 პროცენტის მფლობელი შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით მიზანდარია. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელის მხრიდან საწარმოში წილის ფლობას არ კრძალავს, თუმცა დაშვებული არ არის მოხელის მხრიდან კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობა. გენინსპექცია გომელაურის თქმით სწორედ ამას ამოწმებს.
თანამდეობრივი დეკლარაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დავით მიზანდარი 2008 წლიდან 2015 წლის 7 აპრილამდე შპს ელ.ბილეთების (იგივე Biletebi.ge) დირექტორი იყო, ხოლო 7 აპრილიდან იგი დირექტორის თანამდებობაზე ლევან მიზანდარმა შეცვალა, რომელიც წილს არ ფლობს. მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, მიზანდარი იქ სწორედ 2015 წლის აპრილიდან მუშაობს.
დავით მიზანდარს დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს, რომ საწარმოს საქმიანობით 2014 წელს 56095.78 ლარი შემოსავალი აქვს მიღებული. კომპანიის კიდევ ერთმა მფლობელმა გიორგი ჩხიკვიშილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ მიზანდარმა ჯერ დირექტორის პოსტი დათმო კომპანიაში და შემდეგ დაინიშნა შსს-ში.
Biletebi.ge-ს 22 ივნისს უეფას სუპერთასის მატჩის (ბარსელონა VS სევილია) ბილეთების რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა ონლაინ რეჟიმში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ვებგვერდზე თავდაპირველად გაჩნდა შეტყობინება, რომ საიტზე კიბერშეტევა ხორციელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო საიტმა. გუშინ, 23 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უეფას biletebi.ge-სთან გაფორმებული კონტრაქტი არ გაუწყვეტია და პრობლემის აღმოსაფხვრელად 48 საათის მისცა, რომელიც ხუთშაბათს იწურება.