მისი თქმით, ეს ვერტმფრენები თავის დროზე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა.
“არ შემიძლია, ამა თუ იმ მოქალაქის, რომლის გვარს და სახელს არ დავასახელებ, განცხადებებს ხაზი არ გავუსვა, თუ რატომ არ იყო გამოყენებული სუპერ პუმები სამაშველო ოპერაციისას. პირველ რიგში სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ ესენი VIP მომსახურების იყვნენ და არა სამაშველო. მათ არავითარი [სამაშველო] აღჭურვილობა არ აქვთ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად. სავარაუდოდ, მაშინელი პრეზიდენტის… იქ მოწყობილია სავარძლები და უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. ძალიან მაღალი კომფორტია”, – განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან 2 “სუპერ პუმის” ტიპის ვერტმფრენის შსს-სთვის გადაცემის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამომავლოდ ვერტმფრენები სამაშველო ფუნქციებით უნდა აღიჭურვოს.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ამ ვერტმფრენების გამოყენება 13-14 ივნისს სტიქიის დროს სამაშველო სამუშაოებში? შს მინისტრმა 2 დღის წინ ჟურნალისტებს ასე უპასუხა:
“ეს ვერტმფრენები გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან წელიწადზე მეტია გაჩერებულია ეკონომიკის სამინისტროში და მას სჭირდება შემოწმება. ეს ვერ იფრენს, თუ არ გაკეთდა ტექნიკური შემოწმება. თუმცა ვერტმფრენები გვყავს შინაგან საქმეთა სამინიტროს, მაშინ იყო ღამე, წვიმდა, ნისლი იყო და ქალაქის პირობებში ვერ იფრენდა. საფრთხე იყო, რომ ჩამოვარდნილიყო ის ვერტმფრენი. ვერ გამოვიყენებდით და ვერ გავრისკავდით ბიჭების სიცოცხლეს”.
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.