“ერთი წელია შვილს არ მაჩვენებენ”

უკვე ერთი წელია, რაც ახალგაზრდა დედას თავისი 11 წლის შვილი არ უნახავს. ის დარწმუნებულია, რომ ამის უფლებას მისი შვილის მამის ოჯახი არ აძლევს, სადაც ბავშვი ამჟამად ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ბავშვს დედის ნახვა თავად არ სურს.  ქალს ამის არ სჯერა.

რა მოხდა 

დედის მონათხრობის მიხედვით, ბავშვის მამის ოჯახსა და მას შორის ურთიერთობა განშორებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნორმალური იყო, თუმცა წლების შემდეგ ეს შეიცვალა.

თავდაპირველად ბავშვი დედასთან ცხოვრობდა, თუმცა, როდესაც 7 წლის გახდა – დედა იხსენებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, ძიძის აყვანის ნაცვლად, ბავშვი მამის დედასთან, ანუ ბებიასთან მიიყვანა, თუმცა რამდენიმე წელიწადში ურთიერთობა დაიძაბა.

ქალი ყვება, რომ ბავშვი მამას, მისივე თხოვნით, დასასვენებლად საზღვარგარეთ გაატანა:

„ვენდე და გავატანე, ამის შემდეგ ბავშვი უკან აღარ გამომატანეს“ ,- ამბობს დედა

დედის მონათხრობის მიხედვით, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2018 წლის აგვისტოში პოლიციის დახმარებით იმ სახლში მივიდა, სადაც მისი შვილი ცხოვრობდა, თუმცა, ბავშვი არ გამოჰყვა. პარალელურად, სასამართლოში მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება, რომ დედა კვირაში 3 დღე ნახავდა შვილს.

საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომელიც ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ფსიქოლოგის სპეციალური დასკვნის მიხედვით, ბავშვი მამასაა მიჯაჭვული, ხოლო დედის ნახვა არასრულწლოვანს თავად არ სურს. ამის საპირისპიროდ დედა აცხადებს, რომ ამ დასკვნის დაწერისას ბავშვის მამა საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობდა. სოცსააგენტო კი მის საქმეს ზედაპირულად და გულგრილად მოეკიდა.

ამჟამად 11 წლის ბავშვი, რომელიც დედას, მისი განცხადებით, უკვე 1 წელია არ უნახავს, ფსიქოლოგთან თერაპიის სპეციალურ კურსს გადის. ფსიქოლოგი მამის ოჯახმა დაიქირავა, თუმცა დედა ამბობს, რომ ამაზე თანახმაა – „ერთადერთი ის მოვითხოვე, რომ ბავშვს არავითარი შეხება არ ჰქონოდა სოცსამსახურთან“, – ამატებს ის.

ერთი წელია მიმდინარეობს გამოძიებაც, რომელმაც უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დედის მიმართ ნეგატიური განწყობის შესაქმნელად

რაც შეეხება სასამართლოს, დედის ადვოკატის,  მარი საბიაშვილის თქმით, საქმე ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ადვოკატი ამბობს, რომ პირველმა ინსტანციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საცხოვრებლად მამის სახლი განსაზღვრა, შესაბამისად, ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ბავშვის მამისა და მისი ოჯახის ინტერესების დამცველს სასამართლოში. ადვოკატმა გვითხრა, რომ ოჯახს ამ თემაზე საუბარი ჟურნალისტებთან არ სურს.

“ბავშვი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია”  – რას ჰყვება დედა 

დედა შვილზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ეს პროცესი განსაკუთრებით ემოციური და რთულია, თუმცა ბავშვის დასაბრუნებლად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიმართავს.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, დედას შვილის ნახვის უფლება კვირაში სამჯერ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია ამ უფლებით, ფაქტობრივად, ვერ სარგებლობს. ქალი ნეტგაზეთთან ყვება, რომ ამაში ხელს არა ბავშვის მამა, არამედ მამის მშობლები უშლიან.

დედა ამბობს, რომ ბავშვს „დედას აზიზღებენ“. მისივე სიტყვებით, არასრულწლოვანი მასთან პირად საუბრებში ამბობდა, რომ დედა ძალიან უყვარდა და ბოდიშს უხდიდა არსებული ვითარების გამო. ქალის თქმით, ამის გათვალისწინებით, არარელურია, რომ  ბავშვს დედის ნახვა არ უნდოდეს, რასაც მას ეუბნებიან, როგორც არგუმენტს. ის ამ ყველაფერში მამის ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგს ხედავს.

“[პოლიციაში] განაცხადი შეტანილია ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის მუხლით და, მართალია, გამოძიება ერთი წელია, რაც მიმდინარეობს, შედეგი ჯერ არ არის. მეუბნებიან, რომ სამხარაულის ექსპერტიზას ელოდებიან უკვე 11 თვეა. ვითხოვ, რომ გამოძიება იყოს სამართლიანი და მალე იმოქმედონ”.

“ბავშვს დედასთან ურთიერთობა არ უნდა” – რას ამბობს სოციალური მუშაკი 

“ნეტგაზეთი”  ესაუბრა იმ სოციალურ მუშაკსაც, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა. ირმა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ თავად ესწრებოდა დედა-შვილის შეხვედრას და ბავშვს დედის ნახვა თავად არ უნდა.

ბავშვის დედა კი სოცსააგენტოს მუშაობით უკმაყოფილოა.

“რაც შეეხება სოცსამსახურს, გაოცებული ვარ იმ გულგრილობით, ზედაპირულობით, რაც ჩემდამი გამოიჩინეს. ისინი არ ჩაუღრმავდნენ გარემოებებს… მინდა გითხრათ, რომ როდესაც ფსიქოლოგი მუშობდა ბავშვთან, მამამისი საქართველოში არ იყო და დასკვნაში მიწერს, რომ ბავშვი მამაზეა მიჯაჭული, როდესაც მამა 6-6 თვე არ არის ხოლმე საქართველოში“, – ამბობს დედა. 

სოცმუშაკი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც სოციალური სააგენტო საქმის განხილვაში ჩაერთო, ბავშვის მამა საქართველოში მართლაც არ იმყოფებოდა, „რადგან ხშირად საზღვარგარეთ შეხვედრებზე დადიოდა“. თუმცა დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულიდან მამა უკვე საქართველოში მუშაობს.

ჩიკვილაძე ადასუტრებს, რომ საცხოვრებელ ადგილად ბავშვისთვის მამის სახლი განისაზღვრა, დედას კი ბავშვის ნახვის უფლება კვირაში რამდენჯერმე ჰქონდა.

მისივე თქმით, დედამ ერთხელ მართლაც მიმართა სოცსააგენტოს, როდესაც ბავშვს არ ატანდნენ – „იურიდიულად მამის ოჯახის გაფრთხილება მოხდა… უთხრეს, რომ არ უნდა დაუშალოს.. უნდა ნახოს დედამაც შვილი“.

„მე ბავშვს გავესაუბრე, მოვიყვანე ბებიასთან და ბავშვსაც ვესაუბრე, და ბავშვმა მითხრა, რომ მამაზე ცუდად მესაუბრებიან, ითრგუნებოდა ეს ბავშვი. მერე იურისტის თანდასწრებით ბავშვი შევახვედრეთ დედას, რომელიც ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდა. ბავშვმა იტირა, ინერვიულა, დედის მიმართ აგრესია გამოხტა“, – ამბობს სოცმუშაკი.

დედის თქმით კი, შეხვედრებზე ჩანდა, რომ როგორც დედა, ბავშვის მიმართ სიყვარულს გამოხატავდა. ქალი გვიყვება, რომ სოცმუშაკი მას მხოლოდ ერთხელ გაესაუბრა, მეორედ კი „უბრალოდ წერილი დამაწერინა ბავშვზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად არისო და უცბად მეუბნებიან, რომ როდესაც ბავშვმა გაიგო, საჩივარი რომ შევიტანე, აღარ უნდა შენთან ურთიერთობაო“, – ამბობს დედა.

ბავშვის დედა აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მას სამართლებრივ დავაში ქალების ერთ-ერთი  გაერთიანება (ფემინა) ეხმარება. საუბარია სპეციალურ ჯგუფზე, რომელშიც ქალები არიან გაწევრიანებული და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან. მის მხარდასაჭერად თბილისში ქალების ნაწილმა აქციაც გამართა.

რა შეიძლება იყო გამოსავალი – უფლებადამცველის შეფასება 

ნეტგაზეთი ამ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს შემთხვევაც, როგორც ბევრი სხვა, აჩვენებს, თუ როგორი ხარვეზიანია ბავშვზე ზრუნვის სისტემა საქართელოში.

„ასეთი ტიპის დავებში უფრო მეტია გასაკეთებელი, ვიდრე სამართლის დადგენა. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალი დადგა, გადაწყვეტილება სახეზეა – სასამართლო ამბობს, რომ დედას უფლება აქვს ნახოს შვილი, თუმცა ამ გადაწყვტილებით ეს ადამიანი ვერ სარგებლობს. სწორედ ამ დროს უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი სერვისები, რომლის გატარებაც სოციალურ სააგენტოს ევალება“, – განმარტავს აბაშიძე.

მისი თქმით, თუ ბავშვს მიჯაჭვულობა აქვს მამის მიმართ „რაც ბუნებრივია, თუ ბავშვი მამასთან დიდ დროს ატარებს“, ამ შემთხვევაში, სოციალური სააგენტო არ უნდა გაჩერდეს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ ბავშვს დედის ნახვა არ უნდა.

„როდესაც დედასთან მიმართებაში სამართლებრივი პრეტენზიები არ არსებობს, უფრო მეტიც, მას სასამართლოს მეშვეობით მოპოვებული აქვს ბავშვთან ურთიერთობის უფლება, სახელმწიფო ყველანაირად უნდა ზრუნავდეს, რომ ბავშვსა და დედას შორის ურთიერთობა უმტკივნეულოდ და დროთა განმავლობაში აღდგეს, რაც არის ბავშვისთვის საუკეთესო“, – ყვება აბაშიძე.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ ასეთ დროს სოციალურმა მუშაკმა უნდა დაგეგმოს რიგი ინდივიდუალური აქტივობები, თუნდაც, ბავშვისა და დედის ერთად სეირნობა, გასართობ ცენტრებში სიარული თუ სხვა.

„თუ ასეთ დროს რომელიმე მხარე გარკვეულ უკანონო ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე, ეს უნდა შეისწავლოს გამოძიებამ და სოცსააგენტომ ერთობლივად. მაგრამ ჩემი პრაქტიკით, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ამოცანის შესრულება დღეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ჩვენი სისტემისთვის. სისტემა არის სრულიად უსუსური და მას არ შეუძლია სხვისი დაცვა. იმდენად სუსტია, რომ ხანხადახან ადამიანები მიმართვისგანაც თავს იკავებენ“, – დასძენს აბაშიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან