ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეშფოთებული ვართ ადმინისტრაციული ხაზის გადაკეტვის გამო – კარლ ჰარცელი

23 იანვარი, 2020 • 2538
შეშფოთებული ვართ ადმინისტრაციული ხაზის გადაკეტვის გამო – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილი გამშვები პუნქტები დაუყონებლივ უნდა გაიხსნა.

მისი კომენტარის თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს:

“ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირი საქართველოს მტკიცე და პრინციპული მხარდამჭერია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა მოვლენას, კერძოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სპეციალური წარმომადგენლების, მათ შორის, ჩემი პირადი მუშაობით. შეშფოთებული ვართ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკეტვის გამო. ჩვენ განვაგრძობთ გადასასვლელი პუნქტების დაუყონებლივ გახსნის საკითხის წინ წამოწევას, რადგან ვხედავთ იმ ნეგატიურ შედეგებს, რომელიც ამ რეგიონში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე აისახა. ჩვენი პრინციპები ძალიან მკაფიოა, როდესაც საქმე ამ საკითხზე ჩართულობას ეხება”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცხინვალსა და ახალგორში გადასასვლელი პუნქტები უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, რამაც განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ჩააგდო ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, სანამ ქართული მხარე წნელისთან გახსნილ საგუშაგოს არ აიღებს, გამშვები პუნქტები არ გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი