ახალი ამბები

“მეტი დაფინანსება ჯანდაცვის სისტემას” – რას ამბობს ახალი კვლევა ჯანდაცვის შესახებ

24 ივნისი, 2015 • • 1572
“მეტი დაფინანსება ჯანდაცვის სისტემას” – რას ამბობს ახალი კვლევა ჯანდაცვის შესახებ

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ წელიწადში თითქმის 20 პროცენტით შემცირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე. ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე”, – ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს აღნიშნული კვლევის შედეგები.

 

იმის მიუხედავად, რომ კვლევის შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი ერთ პერსონაზე 1257 ლარიდან 943 ლარამდე შემცირდა, აქვე ნათქვამია, რომ საჭიროა მეტად შემცირდეს ჯიბიდან გადახდები. 

 

“მაღალი ჯიბიდან გადახდები გამოწვეულია დაბალი სახელმწიფო დანახარჯებით”, – ნათქვამია კვლევაში. 

 

სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ- დან ჯანდაცვაზე 2%-ზე ცოტა მეტია.

 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და ამასთან, შემცირებულია თვითმკურნალობის ხარჯები. 


“2013 წელს შემოღებულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ განაპირობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის მომსახურებებზე მოსახლეობის უფლების მნიშვნელოვანი ზრდა. გაუმჯობესდა სერვისებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა, დაწესებულებებში მიმართვის ტენდენცია და ექიმის ხელმისაწვდომობა სოფლის მოსახლეობისთვის”.


წარმატებაზე ისაუბრა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც.

 

“განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ათასობით ადამიანი ვერ მიდიოდა ექიმთან, რადგან არ ჰქონდათ ელემენტარული ხარჯები. ხშირ შემთხვევაში მათ უწევდათ საკუთარი სახლის ან ავტომობილის გაყიდვა, რომ ელემენტარული ოპერაცია გაეკეთებინათ. საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გვიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ასევე, გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს წინსვლა ჩვენს რეგიონებში, სოფლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

თუმცა კვლევაში, წერია, რომ “უნივერსალური მოცვის მიღწევაში პროგრესის მიუხედავად, რჩება პრობლემები”.


სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, წამლის პოლიტიკის გაუმჯობესება, პროვაიდერების ანაზღაურების უკეთესი სისტემის შემუშავება, პირველად და მეორეულ ჯანდაცვაში სტიმულირების მექანიზმების შეთავსება,  ქრონიკული მდგომარეობების მართვა”, – ეს ის ძირითადი რეკომენდაციებია, რომელიც კვლევაშია მოცემული.

 

ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 3 200 000 ადამიანი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ხოლო 530 000 – კერძო ან კორპორაციული დაზღვევით სარგებლობს.





 

მასალების გადაბეჭდვის წესი