თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად მინიმუმ რამდენიმე თქვე დასჭირდება. ბენდელიანი სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადებს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ პროცესს წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდება.
როგორც კახა კალაძის მოადგილე ირწმუნება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 2019 წელს დაიგეგმა, თუმცა მისი განხორციელება, ბიუჯეტიდან გამომდინარე, 2020 წელს გადაწყვიტეს. ამის შესახებ ბედნელიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბენდელიანის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მერიაში არსებობდა მიმართვებიც:
“ჩვენ გასულ წელს ვიყიდეთ საპროექტო დოკუმენტაცია იმიტომ, რომ უამრავი მომართვა იყო, დავათვალიერეთ ტერიტორია, რის ქვემოთაც მდებარეობს შესაბამისი სივრცე, ე.წ. ტექნიკური ოთხარი, საიდანაც რამდენიმე ოპერაცია ხორციელება, მათ შორის, მიწისზედა შადრევნების სატუმბი სადგურია მოწყობილი. როდესაც კონკრეტული ინსპექტირება ხორციელდებოდა, იყო შემთხვევები, როდესაც წვიმის დროს წყალი ჩადიოდა და საფრთხეს უქმნიდა ხოლმე ამ შადრევნების სატუმბ სადგურს. ეს იყო აუცილებელი, რომ დროულად დაწყებულიყო მუშაობა, ამიტომაც, ჩვენ წინა წელს ვიყიდეთ ამის პროექტი და ფიზიკური სამუშაოები უშუალოდ დღეიდან დავიწყეთ”, – განმარტა ბენდელიანმა.
მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არ არის საპროტესტო ზონა და ის ქალაქის “ჩვეულებრივი ცენტრალური ადგილია”:
“ეს კავშირში არანაირად არ არის საპროტესტო ზონასთან და არეალთან. ეს არის ქალაქისთვის ჩვეულებრივი ცენტრალური ადგილი, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა, ისტორიული მნიშვნელობის შენობა და აუცილებელია მიმდებარე ტერიტორია იყოს მოწესრიგებული და ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იქ თუნდაც უამინდობის პერიოდში კონკრეტულად სატუმბ სადგურს საფრთხე არ შეექმნება”, – განაცხადა ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებელი თანხა იხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა აღნიშნული თანხა შეეხება ტერიტორიის მხოლოდ ფილებით მოპირკეთებას. რაც შეეხება შადრევნებს, ამაზე მერია დამატებით გეგმავს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ბენდელიანის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე იგეგმება მწვანე სივრცის მოწყობა და 9 აპრილის მემორიალის განახლება.
ბენდელიანის განამარტებით, ფილების ნაწილის მოპირკეთებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება, ხოლო მემორიალის, შადრევნების და გამწვანების ნაწილის პროექტის სრულყოფის ზუსტი ვადები მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ბენდელიანის თქმით, ამ ყველაფერს 1 წელზე ნაკლები დასჭირდება.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ჯერ არ ჰქონდათ დაგეგმილი პროექტის დაწყება, მაშინ რატომ დაუსახელეს ეს არგუმენტი მალხაზ მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ის კვლავ გეგმავდა პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას, თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა, რომ არ ახსოვს რის შესახებ არის საუბარი.
პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მწვანე ჯებირებით დღეს, 22 იანვარს, მას შემდეგ შემოღობეს, რაც ამ ტერიტორიაზე 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ. საშობაო ბაზარი აიღეს.
2019 წლის 30 დეკემბერს ატრაქციონების დამონტაჟებას წინ უძღოდა პროტესტის მიზნით თვეების განმავლობაში გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვების კარვების აღება, რასაც ოპოზიცინერებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა.
მთავარ ფოტოზე: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია/”სირცხვილია”