ახალი ამბები

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ – მერია

22 იანვარი, 2020 • 2238
პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ – მერია

კახა კალაძე ამბობს, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სწორედ ამას უკავშირდება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ღობით შემოსაზღვრა.

„მინდა ასევე ჩემს მოადგილეს დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი ჩვენ გასული წლის მაისსა თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა“, – ამბობს კალაძე.

თბილისის მერი დასძენს, რომ პარლამენტის წინ შეიცვლება ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, მოწესრიგდება გამწვანება და ა.შ.

დღეს დილიდან პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. აქედან უკვე აიღეს 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ. საშობაო ბაზარი.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები მერიამ 2019 წლის 30 დეკემბერს, გვიან ღამით აიღო, რასაც აქტივისტების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

ამ ადგილას თვეების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა საპროტესტო მოძრაობების, მათ შორის „ქვეყნის სამსახურში“ და „გაბედეს“ კარვები იდგა. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობდნენ, რომ კარვები მერიამ დაუკითხავად აიღო, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. უწყებაში კი პირიქით განმარტავდნენ, რომ მათ დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს.

საბოლოოდ, მერიამ საპროტესტო კარვების ადგილზე ატრაქციონები დაამონტაჟა, თუმცა მათ გარშემო უწყებას რკინის ბარიკადების მოწყობაც მოუწია. ატრაქციონების დამონტაჟებას გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ფეისბუკით მოუწოდა მოქალაქეებს, ბავშვები აქ არ მიეყვანათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი