ახალი ამბები

ხოშტარია პარლამენტის შემოღობვაზე: შეშინებულები არიან, რომ აქ აქცია არ იყოს

22 იანვარი, 2020 • 1103
ხოშტარია პარლამენტის შემოღობვაზე: შეშინებულები არიან, რომ აქ აქცია არ იყოს

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი ელენე ხოშტარია დღეს დილას პარლამენტის წინა ტერიტორიის შემოღობვას ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციების ჩატარებისთვის ხელის შეშლის მცდელობად აფასებს.

ხოშტარია “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ მმართველი პარტია შეშინებულია და არაადეკვატურად იქცევა:

“სიცილის გარდა სხვა ემოცია არ მომდის. მართლა სასაცილოა ხელისუფლება, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, პრაქტიკულად გვებნება ოღონდ აქ არ მოხვიდეთ და აღმშენებლობას დავიწყებთ ამ ადგილასო. ჯერ რკინის ღობეები აღმართეს თავის დროზე, ოღონდ აქ შეეფერხებინათ აქცია, მერე ზვიგენი მოიტანეს შუაღამეს.

ამაზეც ყველა მოკვდა სიცილით, ისეთი საშინელება იყო, თვითონ მოუწიათ წაღება. ახლა ვითომ გაამწვანეს აქაურობა. ცხადია, რომ მარტო არაადეკვატურობა კი არ არის, შეშინებულები არიან, რომ ოღონდ აქ რაღაც აქცია არ იყოს. რა თქმა უნდა, აქციაც იქნება, პირიქით, ხელი შეუწყვეს გზის გადაკეტვას უფრო მარტივად” ,- ამბობს ხოშტარია “მთავარ არხთან”.

ხოშტარიას თქმით, პროტესტი გაგრძელდება:

“რა თქმა უნდა, იქნება- ამ ტერიტორიაზეც იქნება, ბიძინას სახლთანაც იქნება, მათ ოფისთანაც იქნება, პიკეტიც გაგრძელდება. უბრალოდ, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება ხელისუფლება. აქ არის დაღვრილი სისხლი, აქ არის დაკარგული თვალები, აქ მიდის მნიშნველოვანი საპროტესტო მოძრაობა. ახლა კალაძემ გაიღვძა და თურმე გამწვანების პროექტი უნდა შემოგვთავაზონ აქ. ჩვენს გეგმებს ეს, რა თქმა უდნა, არ ცვლის, თუმცა ასუსტებს მათ პოზიციებს”, – ამბობს დეპუტატი.


დღეს დილიდან პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. აქედან უკვე აიღეს 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ. საშობაო ბაზარი.

კახა კალაძე ამბობს, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ღობით შემოსაზღვრა.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები მერიამ 2019 წლის 30 დეკემბერს, გვიან ღამით აიღო, რასაც აქტივისტების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

ამ ადგილას თვეების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა საპროტესტო მოძრაობების, მათ შორის „ქვეყნის სამსახურში“ და „გაბედეს“ კარვები იდგა. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობდნენ, რომ კარვები მერიამ დაუკითხავად აიღო, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. უწყებაში კი პირიქით განმარტავდნენ, რომ მათ დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს.

საბოლოოდ, მერიამ საპროტესტო კარვების ადგილზე ატრაქციონები დაამონტაჟა, თუმცა მათ გარშემო უწყებას რკინის ბარიკადების მოწყობაც მოუწია. ატრაქციონების დამონტაჟებას გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ფეისბუკით მოუწოდა მოქალაქეებს, ბავშვები აქ არ მიეყვანათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი