ახალი ამბები

23 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ვიზისთვის თითის ანაბეჭდები სჭირდებათ

24 ივნისი, 2015 •
23 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ვიზისთვის თითის ანაბეჭდები სჭირდებათ

23 ივნისიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ახალი წესები ამუშავდა შენგენის ვიზების მისაღებად. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან შენგენის ზონის ქვეყნის საკონსულოში ჩააბარონ თითის ანაბეჭდები და ციფრული ბიომეტრიული ფოტოები. იმ ადამაინებს, ვისაც უკვე აქვთ მოქმედი ვიზა შენგენის ზონაში, 23 ივნისიდან ამოქმედებული ეს პროცედურები არ დასჭირდებათ, სანამ მათ ვიზას ვადა არ გაუვა.


განმცხადებლის ბიომეტრული მონაცემები შენგენის ქვეყნების ცენტრალიზებულ ბაზაში 59 თვის განმავლობაში შეინახება. ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შენგენის ახალი ვიზის მიღებისთვის იგი ვალდებული იქნება თავიდან წარადგინოს ბიომეტრიული მონაცემები.

პირველი განაცხადის ჩაბარების დროს პირი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს საკონსულოში, რათა ჩააბაროს თითის ანაბეჭდები. ანაბეჭდების აღებისგან თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, სახელმწიფოს მეთაურები და მათი ცოლები, დიპლომატიური მოგზაურობის დროს ოფიციალური დელეგაციების წევრები.


როგორც ცნობილია, საქართველო პარალელურად ევროკავშირთან აწარმოებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. სამოქმედო გეგმის შესრულების მომდევნო ანგარიში მიმდინარე წლის ბოლოს გამოქვეყნდება. თუ საქართველო სამოქმედო გეგმას 2015 წელს დახურავს, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმონ. მოლდოვამ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მსგავსი რეკომენდაცია გამოსცა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან 6 თვეში მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმის დახურვის შემთხვევაში საქართველოს ექნება შანსი, რომ უვიზო რეჟიმით უკვე 2016 წელს ისარგებლოს, თუმცა ამას ქვეყნის მხოლოდ ის მოქალაქეები მოახერხებენ, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ.


მასალების გადაბეჭდვის წესი