ახალი ამბები

ლიეტუვის პრეზიდენტმა გახარიასთან შეხვედრაზე წუხილი გამოხატა პროპორციულის ჩავარდნის გამო

21 იანვარი, 2020 •
ლიეტუვის პრეზიდენტმა გახარიასთან შეხვედრაზე წუხილი გამოხატა პროპორციულის ჩავარდნის გამო

ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახური გიორგი გახარიასა და გიტანას ნაუსედას შორის გამართულ შეხვედრაზე ავრცელებს ინფორმაციას.

ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში გაიმართა, ლიეტუვას პრეზიდენტმა წუხილი გამოხატა საქართველოს პარლამენტის მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლის ცვლილების ჩაგდების გამო.

“ვწუხვართ, რომ გასულ წელს პარლამენტმა ვერ მოახერხა მიეღო საკონსტიტუციო ცვლილბები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას გამოიწვევდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსს ყველა პარტიას შორის, რათა არ მიეცეს საშუალება გარე ძალას, რომ უთანხმოება ოპოზიციასა და მთავრობას შორის საქართველოსა და რეგიონში არასტაბილურობის შესაქმნელად გამოიყენოს”, – აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი გახარიასთან შეხვედრაზე.

მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, ააშენოს დემოკრატიული საზოგადოება და განახორციელოს ინტეგრაცია EU-ს სტრუქტურებსა და ნატოს სივრცეში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა ასევე ეხებოდა ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, ხალხთა შორის კონტაქტებს და აქტიურ თანამშრომლობას ლიეტუვასა და საქართველოს ინსტიტუტებს შორის. ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ.

ამავე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმაც გაავრცელა, თუმცა ამ ტექსტში არ არის ნახსენები, რომ ლიდერებმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზეც ისაუბრეს.

“მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, სექტორული თანამშრომლობა, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება საქართველოში ლიეტუველი ვიზიტორების რიცხვის გაორმაგებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა ავიამიმოსვლამ”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი