“საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა ამოწურულია, ამიტომ მოემზადეთ, დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია. მოემზადეთ გაცილებით უარესი შედეგებისთვის გაზაფხულზე”, – ეს განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში დღეს გამართული მოსმენის შემდეგ.
ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდებისა და ოპონენტების დევნის გამო. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიმართა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
“[ქართულ ოცნებას] ეყო გამბედაობა, ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონდმდებლო ორგანოში ჩასულიყვენ და ევროპარლამენტში დაეწყოთ ლაპარაკი იმ გასაოცარ დემოკრატიაზე, რაც ვითომ საქართველოში ააშენეს. [ევროპარლამენტში] ფრაქცია არ დარჩენილა, რომლის წარმომადგენელი არ გამოსულა და ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის არ გაეხსენებინა “გავრილოვის ღამე”, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება, პროპორციული არჩევნები, კორუფცია, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები, მათი პროკურატურაში დაბარება.
მაგალითად მოუყვანეს საომარ რეჟიმში მყოფი უკრაინა, რომელიც რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს უსწრებს. მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთლიანად ოპოზიციის, განსაკუთრებით კი ენმ-ის გაფრთხილება, რომ ხელისუფლება, გადაკვეთეთ წითელი ხაზი…”,-აცხადებს ვაშაძე.