ახალი ამბები

მერია ვერ ამბობს, როდის აიღებს ატრაქციონებს პარლამენტის წინ

21 იანვარი, 2020 • 1249
მერია ვერ ამბობს, როდის აიღებს ატრაქციონებს პარლამენტის წინ

თბილისის მერია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ როდის აიღებს პარლამენტის წინ საახალწლოდ მოწყობილ ატრაქციონებსა და საშობაო ბაზარს, სადაც მანამდე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვადასხვა ოპოზიციონერი აქტივისტის კარვები იყო განთავსებული.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც რესპუბლიკის მოედნიდან მთავარი ნაძვის ხე და იქ მდებარე საახალწლო კონსტრუქციები აიღეს და სამანქანო მოძრაობაც გახსნეს, თუმცა პარლამენტის წინ ატრაქციონები კვლავ რჩება.

დღეს, 21 იანვარს, პარლამენტთან მისულ ნეტგაზეთის ჟურნალისტს ატრაქციონები და ბაზრობისთვის მოწყობილი დახლები ცარიელი დახვდა. იგივე სიტუაცია ჩანს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ შუადღით გადაღებულ ფეისბუკ-ლაივში.


მალხაზ მაჩალიკაშვილი ვიდეო-მიმართვაში აქცენტს ამახვილებს  ატრაქციონებზე ბავშვების არყოფნაზე და ამბობს, რომ ხელისუფლება სტაბილურობის ილუზიის შექმნას ცდილობს გადარჩენისთვის.

“ხალხმა განსაჯოს, რა დავარქვათ ამ ყველაფერს”, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები მერიამ 30 დეკემბერს, გვიან ღამით აიღო, რასაც აქტივისტების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების  პროტესტი მოჰყვა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

ამ ადგილას თვეების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა საპროტესტო მოძრაობების, მათ შორის „ქვეყნის სამსახურში“ და „გაბედეს“ კარვები იდგა. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობდნენ, რომ კარვები მერიამ დაუკითხავად აიღო, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა.

უწყებაში კი პირიქით განმარტავდნენ, რომ მათ დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს.

საბოლოოდ მერიამ ატრაქციონები დაამონტაჟა, თუმცა მათ გარშემო უწყებას რკინის ბარიკადების მოწყობაც მოუწია.

ატრაქციონების დამონტაჟებას გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ფესიბუკით მოუწოდა მოქალაქეებს, ბავშვები აქ არ მიეყვანათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი