ახალი ამბები

ეველინ ფარკასმა CNN-ზე, ამანპურის გადაცემაში პუტინის გეგმები ივანიშვილის პოზიციას შეადარა

21 იანვარი, 2020 • 1777
ეველინ ფარკასმა CNN-ზე, ამანპურის გადაცემაში პუტინის გეგმები ივანიშვილის პოზიციას შეადარა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა CNN-ზე, კრისტიან ამანპურთან რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის მომავალი როლის შესახებ ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტის გეგმები ბიძინა ივანიშვილის პოზიციას შეადარა.

„ჩემი პროგნოზით, საბოლოო ჯამში, [პუტინი] კულუარებიდან გააგრძელებს მართვას. პირი, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება, საგადასახადოდანაა და ტექნოკრატია, არ წარმოადგენს საფრთხეს მისთვის. იგი 53 წლისაა და, როგორც ჩანს, არ აქვს დიდი ამბიციები. ამიტომ არ განიხილება ვლადიმერ პუტინისთვის, როგორც საფრთხე.

მე ვფიქრობ, თუკი პუტინი მოახერხებს იპოვოს ვინმე, ვინც მედვედევივით დამჯერი იქნება, აუცილებლად იზამს ისე, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტი გახდეს. შემდეგ კი, კულუარებიდან შეეძლება ლიდერების კონტროლი. რეალურად, ამას ვხედავთ საქართველოში, იქ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი – ის კვლავაც არის ძალა თავისი პარტიის უკან. ასე რომ, ეს შესაძლებელია სისტემაში, სადაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია.

იცით, ძალიან არ მინდა აქ საქართველოს კრიტიკა – იმიტომ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ძალისხმევას არ იშურებენ. მაგრამ არსებობს მექანიზმი პუტინისთვის, რომ კულუარებში დარჩეს და არ გამოჩნდეს ბრეჟნევად“.

ეველინ ფარკასი 2012-15 წლებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე იყო რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. ამჟამად კონგრესის წევრობისთვის იყრის კენჭს.

ეველინ ფარკასი საქართველოშიც არაერთხელ არის ნამყოფი. 2015 წლის 2 მაისს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს შეხვდა. 2017 წელს კი, როცა საქართველომ აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“ მიიღო, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა სიგნალი მოსკოვისთვის, რომ საქართველოზე შეტევა ძვირი დაჯდებოდა.

ეველინ ფარკასი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვის და უსაფრთხოების ორმხრივი სამუშაო ჯგუფში აშშ–ის დელეგაციის თანათავმჯდომარე იყო.

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი