“ეს კარიკატურა ჩვენმა მეგობარმა დაგვიხატა ვებგვერდისთვის. აქ ჩანს, რომ განათლება ჩაკეტილ სივრცეებს არღვევს. ვინმეს შურაცხყოფა არც გვიფიქრია”, – ამბობს აიდან იუსუფი, ვებ-გვერდის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში.
მისი თქმით, მუქარები ჯავიდ გურბანოვის მხრიდან კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ ფეისბუქით ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
“თავიდან მოითხოვდა ახსნას, თუ რას ნიშნავს ეს კარიკატურა. თუმცა ყურადღება არ მიგვიქცევია. მერე სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა მისი წერილები. მაგალითად, მომწერა, რომ “თუ ჩვენ შეურაცხყოფას გავაგრძელებთ, ვფიცავ, რომ თქვენი სისხლი დაიღვრება. ეს სიტყვები ყველა შენს თანამშრომელს გადაეცი. ვფიცავ იმ ღმერთს, რომლისაც არ გწამს, ჩემი ხელით წაგაცლი თავს და პოლიციას ჩემი ნებით ჩავბარდები. ეს ჩემი მიმოწერა პოლიციასაც აჩვენე. იგივე სიტყვებს მათაც გავუმეორებ”,”- ამბობს იუსუფი.
მისი თქმით, მუქარის კონკრეტული წერილებით მათ პოლიციას 16 ივნისს მიმართეს, თუმცა პოლიციიდან მხოლოდ დღეს, 23 ივნისს დაურეკეს და პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.
თავად ჯავიდ გურბანოვი აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო საუბარში არაფერს ამბობს. მოგვიანებით ნეტგაზეთს მისი მეგობარი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ “ეს სატელეფონო საუბრის თემა არ არის და სასაუბროდ მარნეულში შეგვიძლია ერთმანეთს შეხვდეთ”. მისივე თქმით, ჯავიდ გურბანოვი პოლიციას არ დაუკითხავს.
ვებ-გვერდ renessans.ge-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ ვებ-გვერდის სამიზნე აუდიტორია ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები არიან, ვებ-გვერდის მიზანი კი მათი ინფორმირებულობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ და მათთვის განსხვავებული და კრიტიკული სტატიების შეთავაზებაა.
როგორც აიდან იუსუფი ამბობს, ვებ-გვერდის შექმნა მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტეს.
“ჩვენ ყველას ჩვენი პირველადი საქმიანობა გვაქვს. ვებ-გვერდზე პარალელურად, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ვმუშაობთ”.