დღეს, 23 ივნისს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა ინტერნეტმაღაზიის წარმომადგენლებისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას შეხვედრა.
მისი დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა ეკა ელოშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ Biletebi.ge-სთან უეფას კონტრაქტი ნარჩუნდება და საღამომდე უეფასთან კონსულტაციის შედეგად მოიფიქრებენ, თუ რა ფორმით და საშუალებით გაყიდიან ბილეთებს. მისივე თქმით, განიხილება უამრავი ვარიანტი, მათ შორის ელექტრონული ფორმა. რაც შეეხება იმის ალბათობას, რომ ბილეთები სალაროებში გაიყიდოს, ელოშვილი ამბობს, რომ ეს ყველაზე ბოლო ვარიანტია. მისი თქმით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში ურჩევნიათ:
“რათა მომხარებლები გადამყიდველებისაგან დავიცვათ”.
დღევანდელ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს biletebi.ge-ს ადმინისტრაციაც:
“დღეს გაიმართა შეხვედრა GFF-ში, სადაც ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს გულშემატკივრების მიერ ბილეთების შეძენა. ველოდებით UEFA-ს გადაწყვეტილებას და მითითებებს, რის შესახებაც დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მომხმარებლების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი დაფიქსირდა ჩვენს სერვერულ მოწყობილობებზე, რისი განახლების შემდეგაც ვერ მოხერხდა მომსახურების გაწევა. ასევე გაცნობებთ, რომ დამატებით ბილეთების გაყიდვა არ მომხდარა, ყველა ბილეთი ინახება სისტემაში. biletebi.ge თავის მხრივ ბოდის უხდის გულშემატკივრებს და არ გაურბის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია biletebi.ge-ს განცხადებაში.