ახალი ამბები

ნინო გვენეტაძე: 2016 წლიდან მოსამართლეთა რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა დაიწყება

23 ივნისი, 2015 •
ნინო გვენეტაძე: 2016 წლიდან მოსამართლეთა რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა დაიწყება

ნინო გვენეტაძის თქმით, 2004 წლიდან მოსამართლეთა რაოდენობა 100 საშტატო ერთეულით შემცირდა და საჭიროა მოსამართლეთა რადენობის გაზრდა, რათა მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდეს.

 

“2003-2004 წლების მერე 100 საშტატო ერთეულით შემცირდა მოსამართლეების რაოდენობა საერთო სასამართლოების სისტემაში. აქ არ ვგულისხმობ უზენაეს სასამართლოს, სადაც რეფორმის მესამე ეტაპისათვის კანონპროექტით უკვე გათვალისწინებულია მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა 28 საშტატო ერთეულით. რაც შეეხება საერთო სასამართლოების სისტემას, საქმეთა ჭარბი ნაკადი, საქმეების განხილვის გაჭიანურებული ვადები და ზოგადად პროცესის მონაწილეთა უკმაყოფილება გვიბიძგებს იმ გადაწყვეტილებისკენ, რომ მომავალი წლიდან თანდათანობით დავიწყოთ მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა საერთო სასამართლოების სისტემაში. ამ საკითხზე მიდის ფართო დისკუსია სასამართლო კორპუსთან, ასევე, მას სჭირდება აპარატის მოხელეები და ფინანსური უზრუნველყოფა. ამ საკითხზეც დაწყებულია მოლაპრაკებები ფინანსთა სამინისტროსთან. ეტაპობრივად, ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად 100 მოსამართლით შეივსება სასამართლოების სისტემა, განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასტუმრო “რუმსში” გამართულ სამუშაო შეხვედრაზე “უზენაესი სასამართლოს როლის გააზრება დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში” განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ მცირე კვლევა ჩაატარა, რომლითაც დადასტურდა, რომ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი