სასულიერო პირი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 2014 წლიდან აზერბაიჯანში ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი გაუქმებულია. ამიტომ ის ვერ მოახერხებს, რომ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის პასპორტსაც ფლობდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ სურს არქიმანდრიტ თეთრუაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დატოვება და მხოლოდ აზერბაიჯანის პასპორტის მიღება, მღვდელმსახური მიზეზად უსაფრთხოების საკითხებს ასახელებს.
“მე მივიღე გადაწყვეტილება კახიდან წამოსვლაზე, ვინაიდან არავინ იღებს პასუხისმგებლობას ჩემს უსაფრთხოებაზე”, – წერს არქიმანდრიტი ფეისბუკზე.
არქიმანდრიტი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს საკუთარი ნივთების წამოღებაში დახმარებას სთხოვს. მისივე თქმით, საპატრიარქოში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი კახის რაიონში.
დემეტრე თეთრუაშვილი, რომელიც 4 წელია აზერბაიჯანში მსახურობს, 21 ივნისს ქვეყანაში არ შეუშვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს აზერბაიჯანში ღვთისმსახურების უფლებას აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გაუგრძელებენ.