ახალი ამბები

პროკურატურის მტკიცებულებები სააკაშვილის საქმეზე სასამართლომ დასაშვებად სცნო

22 ივნისი, 2015 •
პროკურატურის მტკიცებულებები სააკაშვილის საქმეზე სასამართლომ დასაშვებად სცნო

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმის წინასასამართლო განხილვის დროს არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მხოლოდ ნაწილი დაუშვა და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად.

 

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს არის ჩანიშნული.

 

“ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი