ახალი ამბები

მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ გუშინ საღამოდან დღემდე 25 გამოძახება შევიდა

22 ივნისი, 2015 •
მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ გუშინ საღამოდან დღემდე 25 გამოძახება შევიდა

“ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს”, – ნათქვამია შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადებაში. 

 

ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

 

გარდა ამისა, სს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია – 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი.

 

ოფიციციალური ინფორმაციითვე, მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს 279 მეხანძრე მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 110 თანამშრომელი.

 

“დღეს, 07:00 საათის შემდეგ მზიურის ტერიტორიიდან გატანილია დახლოებით 800 მ3 ნატანი მასალა. ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაგროვილი წყლის ამოტუმბვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მზიურის ტერიტორიაზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე სამშენებლო ტექნიკა, 150 სამხედრო-მოსამსახურე და ქ.თბილისის მერიის 35 თანამშრომელი. მიმდინარეობს სტიქიის დროს დაზიანებული ვოლიერების დემონტაჟი. ასევე, გრძელდება ტერიტორიის გაწმენდა. წყნეთის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად გრძელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები. უკვე ჩასხმულია 12 ხიმინჯი. დღის ბოლომდე ჩაისხმება კიდევ 4 ხიმინჯი. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებულ ყველა ლოკაციაზე. პროცესში ჩართულია შესაბამისი სამსახურები -მობილიზებულია ყველა სახის საჭირო სპეცტექნიკა”. 

 

როგორც სს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “სურსათის ეროვნული სააგენტო“სტიქიით დაზიანებულ ლოკაციებზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს.

 

“დეზინფექცია პრევენციული ხასიათისაა და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. სამუშაოები სპეციალური სამანქანო დანადგარებით და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც მუშავდება სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები”. 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების განმარტებით, კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, ასევე – გარემოსთვის. აღნიშნული ხსნარი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით – მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი