“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20 ივნისის შემდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესები შეისწავლა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალას შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად იყენებს.
TI-ის ცნობით, პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიცია ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს კოდექსით გათვალისწინებულ უფლებებს არ უმარტავს, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას კი შსს-ს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლებიც დაკავების კანონიერებას დაასაბუთებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე.
“ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება. 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ სასამართლომ, სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა. იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდებიან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქციების მიმდინარეობას და მათ მიმართ გამოყენებული ძალისა და შეფარდებული სანქციების არამართლზომიერებაზე საუბრობენ.
პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებულებისათვის არ ხდება იმ მინიმალური უფლებების განმარტებაც კი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლებიც დაასაბუთებდა დაკავების კანონიერებას.
ძირითადად გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მტკიცებულებებად ვიდეომასალები წარადგინეს, ძირითადად, დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი მათზე არ იყო აღბეჭდილი.
აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა ან უმრავლეს შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება. ჯარიმის ოდენობა ძირითადად 1000 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს”,-წერია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის, მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს, თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.
“საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე აქციებში მონაწილე დემონსტრანტები ხშირად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები არიან, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დემონსტრანტებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება. იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, სასამართლოს მხრიდან მსგავსი სანქციების განსაზღვრა, შესაძლოა, მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, რომ ჯარიმის გამოყენებას მოჰყვეს მსუსხავი ეფექტი, რათა დასუსტდეს საპროტესტო მოძრაობა და მომავალში საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა თავი შეიკავოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.