ახალი ამბები

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფა გადაწყვეტილია

20 იანვარი, 2020 • 1073
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფა გადაწყვეტილია

მთავრობაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება განათლებისა და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფაზე. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა დაუდასტურა.

როგორც დეპუტატი ამბობს, ორივე უწყებას ინდივიდუალური მიდგომა, ხედვა და სტრატეგია სჭირდება. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით კი, ამ ორი უწყების გაერთიანებით ერთი მეორეში ჩაიკარგა:

“რამდენადაც მე ვხედავ, ზოგადად, ჩაიკარგა ერთი მეორეში. ჩემი აზრით, აუცილებელია ცალკე ხედვა იყოს. რაც არ უნდა ძლიერი ადამიანური რესურსი ან მინისტრი იყოს, ყველაფრის გაკეთება ერთდროულად ძნელი ხდება”, – ამბობს მარგველაშვილი “ნეტგაზეთთან”.

დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის დაიწყება სამინისტროების ერთმანეთისგან გამოყოფის პროცესი და ამბობს, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა უნდა დააანონსოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე.

2018 წლის 26 ივნისს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 10-მდე მცირდებოდა და დარჩებოდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი