შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
18 იანვარს პროკურატურის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოპოზიციონერები, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 600-600 ლარით დააჯარიმა.
ისინი 18 იანვრის დილას თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციაზე დააკავეს. აქციაზე ისინი აპროტესტებდნენ გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას და ამ პოზიციაზე მის შესაძლო დაბრუნებას.
კუპრავამ პროტესტის ნიშნად პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, რის დროსაც ის და მეორე პირი დააკავეს.
იმავე დღეს სასამართლომ ისინი მხოლოდ ხულიგნობის ნაწილში ცნო სამართალდამრღვევად.