მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის თანახმად, თბილისის მერია გეგმავს, სატრანსპორტო რეფორმის მომდევნო ეტაპის ფარგლებში, დედაქალაქში 179 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოიყვანოს.
როგორც ვიქტორ წილოსანი წერს ფეისბუკზე, 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა დაგეგმილია „თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება“.
მის თანახმადვე, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა გაზრდილია. „29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია“, – წერს იგი.
„ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა“, – დაწერა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა.
ფოტოები: ვიქტორ წილოსანი