ახალი ამბები

3-მა პირმა კაცი გაიტაცა, გამოსასყიდად $130 000-ს ითხოვდნენ – შსს

18 იანვარი, 2020 •
3-მა პირმა კაცი გაიტაცა, გამოსასყიდად $130 000-ს ითხოვდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამმა პირმა ერთი ადამიანი გაიტაცა და მის ძმას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, რის გამოც ისინი დააკავეს.

ბრალდებულები აჭარისა და გურიის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სამივე მათგანს „ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას“ ედავებიან.

შსს-ს თანახმად, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში ფიგურანტი ხუთივე პირი – გატაცებული პირი, მისი ძმა და დაკავებულები, – თურქეთის მოქალაქეები არიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა“ – აცხადებს შსს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის, ანუ საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი