პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ვენესუელის საკანონმდებლო ეროვნულ ასამბლეას მხარდაჭერას უცხადებს.
ბერაიას თქმით, მიუღებელია ასამბლეის წევრების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის, დაპატიმრება, საპარლამენტო იმუნიტეტის უგულებელყოფა, პასპორტის ჩამორთმევა. საქართველოს პარლამენტის წევრი პარტნიორ საკანონმდებლო ორგანოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ საქართველოს და ვენესუელის ეროვნული ასამბლეასა და ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს მხარი დაუჭირონ.
“ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვთქვამთ შეშფოთებას შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის, აგრეთვე, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის მიზანმიმართული შეფერხების და მისი წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.
ჩვენთვის ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ, დემოკრატიული გზით არჩეულ პარლამენტს წარმოადგენს ვენესუელის ეროვნული ასამბლეა. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ეროვნული ასამბლეის დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, ასევე, მისი წევრების უფლებები და უსაფრთხოება.
კატეგორიულად ვგმობთ ვენესუელის დემოკრატიული გზით არჩეული ეროვნული ასამბლეის წევრების დაშინებას, შევიწროებასა და დევნას. შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, აუცილებელია, მათ შეძლონ კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის შეუზღუდავად და თავისუფლად განხორციელება.
ამასთან, ვგმობთ მადუროს რეჟიმის მიერ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის წევრების უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მრავალგზის დარღვევას. ჩვენთვის მიუღებელია მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის, დაპატიმრება, საპარლამენტო იმუნიტეტის უგულებელყოფა, პასპორტის ჩამორთმევა და მოგზაურობის შეზღუდვა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ და პატივისცემას გამოვხატავთ ეროვნული ასამბლეის წევრების მიმართ, მათი სიმამაცისთვის, ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებისთვის ბრძოლაში.
მოვუწოდებთ პარტნიორ საკანონმდებლო ორგანოებს, შემოგვიერთდნენ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის და მისი დემოკრატიული გზით არჩეული თავმჯდომარის, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის პროცესში”,-ნათქვამია ბერაიას განცხადებაში.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეა იმ მცირე ინსტიტუტებს შორისაა, რომელსაც მმართველი პარტია ვერ აკონტროლებს. 2019 წლის იანვარში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო, როგორც ვენესუელის დროებითი ლეგიტიმური მმართველი, აღიარეს ევროპის ქვეყნებმა, აშშ-მა და საქართველომაც. გუაიდო აცხადებს, რომ 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია, შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტიც ვაკანტურია. მან და მისმა მომხრეებმა კონსტიტუციაში არსებული იმ ჩანაწერით იხელმძღვანელეს, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. რაც შეეხება ნიკოლას მადუროს რეჟიმს, მხარს უჭერენ რუსეთი და ჩინეთი. BBC-მ 15 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროსახელისუფლებო ჯგუფები პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ. BBC-ის ცნობითვე, თავდასხმის ამსახველ კადრებში ჩანდა, როგორ ესროდნენ მადუროს მომხრეები ქვებს მანქანას, სადაც ოპოზიციონერები ისხდნენ.