ახალი ამბები

თბილისს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვევა

21 ივნისი, 2015 •
თბილისს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტმა GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინთან გამართული შეხვედრისას საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებსა და საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობაზე ისაუბრეს; ხაზგასმით აღინიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის აშშ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სენატორმა მაკკეინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა.

 

სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არა მხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას და ამერიკასა და  სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება.

 

გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხადამჭერი  იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორს პირადად გადასცა მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ ამბასადორეალზე ოფიციალური მიწვევა და აღნიშნა, რომ ასეთი პატივსაცემი და გავლენიანი სახელმწიფო მოხელის სტუმრობას დიდი რეზონანსი ექნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობას და, მეტიც, ქართველი ხალხისათვის აშშ-ის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს.
საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები, ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ.

ჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი

მასალების გადაბეჭდვის წესი