ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი გაკვირვებულია თბილისის მონდომებით პირდაპირი დიალოგის საკითხზე

17 იანვარი, 2020 •
სოხუმი გაკვირვებულია თბილისის მონდომებით პირდაპირი დიალოგის საკითხზე

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებს აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება.

“ამასთან დაკავშირებით არ შეგვიძლია გაკვირვება არ გამოვხატოთ. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებათა ორმხრივი ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელსაც უშუალოდ კავშირი აქვს ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემასთან. ამავე დროს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა არ წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს და დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება მხარეების მიერ ცეცხლის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ ჟენევის ფორმატში დიალოგს, სადაც ყველა მხარე მონაწილეობს, სოხუმი სასარგებლოდ მიიჩნევს და მისი გაგრძელების მომხრეა.

მას შემდეგ, რაც აფხაზმა პოლიტკოსებმა, სერგეი შამბამ და ასლან ბჟანიამ ქართულ მედიასთან კვლავ პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრეს, მსგავსი განცხადებები ქართულმა მხარემაც გააკეთა და პირდაპირი დიალოგის ფორმატს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი