ახალი ამბები

უნივერსიტეტის საბჭოს აზრით, შოთაძე ღირსეული კანდიდატია – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

17 იანვარი, 2020 • 1584
უნივერსიტეტის საბჭოს აზრით, შოთაძე ღირსეული კანდიდატია – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილი თქმით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს აზრით, შოთაძე გენპროკურორობის ღირსეული კანდიდატია. სწორედ ესაა ის საბჭო, რომელმაც შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

ამის შესახებ რექტორმა დღეს მოძრაობა „გაბედესთან“ შეხვედრის დროს განაცხადა და განმარტა, რომ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. მოძრაობის წევრები ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს პროტესტის გამოსახატავად მივიდნენ.

„ბატონი ირაკლი შოთაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2 წლის წინ აირჩია ასოცირებულ პროფესორად, მოიყვანა უნივერსიტეტში და ის კითხულობს, ლექციებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პიროვნება მაღალი კვალიფიკაციისაა, რომელსც აქვს კომპეტენცია, ასწავლოს ახალგაზრდებს“, – თქვა ფრანგიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

თავად შეხვედრის დროს არჩილ ფრანგიშვილმა განმარტა, რომ საპროკურორო საბჭოს კანდიდატები წარსულშიც წარუდგინეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გარდა შოთაძისა, კონკურსში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, თუმცა არჩევანი შოთაძეზე შეჩერდა.

„ამ შემთხვევაში მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით… აკადემიური საბჭოს აზრით, შოთაძე არის ღირსეული კანდიდატურა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი“, – ამატებს ის.

რექტორი ყვება, რომ შოთაძემ უნივერსიტეტში აკადემიური მოღვაწეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გენპროკურორობის თანამდებობიდან 2018 წელს გადადგა და „ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის წაყენებული უნივერსიტეტის მიერ“.


16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარუდგინა, რომელიც  თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა. თანამდებობიდან წასვლას  წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი