ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას აშშ-ის მეთაურობით შექმნილი სამხედრო კოალიცია ავრცელებს, რომელიც ერაყსა და სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვის. 8 იანვარს მომხდარი თავდასხმის შემდეგ პენტაგონი აცხადებდა, რომ შეტაკებისას არავინ დაშავებულა.
დღეს, 17 იანვარს კ,ი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დაშავებული სამხედრო სამკურნალოდ ერაყიდან გერმანიაშიც კი გადაიყვანეს.
“გამოკვლევების დასრულების შემდეგ ისინი კვლავ ერაყში დაბრუნდებიან”, – ნათქვამია განცხადებაში. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სულ 11 სამხედროა დაშავებული.
8 იანვარს ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ერაყში მდებარე ალ-ასადის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. როგორც თეირანი აცხადებს, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ 3 იანვარს ირანელი გენერლის – ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.