”სხეულის ყველა უჯრედი მტკივა, მაგრამ მე შემიძლია მოგიტევო,”- განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის დედამ სასამართლო პროცესზე.
როგორც, СNN წერს, დილან რუფს პროცესის განმავლობაში არაფერი უთქვამს და მის მიერ მოკლული ადამიანების ნათესავების სიტყვებიც უემოციოდ მიიღო.
17 ივნისის ღამეს დილან რუფი შეიარაღებული შეიჭრა ჩარლსტონის ეკლესიაში, სადაც აფროამერიკელი მრევლი წირვას ესწრებოდა და 9 ადამიანი მოკლა. ყველა მოკლულს რამდენჯერმე აქვს ნასროლი. როგორც თავად აცხადებს, მისი მთავარი მიზანი რასობრივი ომის წამოწყება იყო.
შემდეგ დილან რუფი ეკლესიიდან გამოვიდა და მანქანით მიიმალა. პოლიციამ მისი ფოტო და მანქანის მონაცემები გაავრცელა. 18 ივნისს ის ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს.
დილან რუფი ამავე ეკლესიაში ბიბლიის შესასწავლად დადიოდა და სოციალურ ქსელ ’სნაპჩათში’ ერთ-ერთ სასწავლო შეკრებაზე გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ის აფროამერიკელებთან ერთად ბიბლიას განიხილავდა.
რუფი 21 წლის აპრილში გახდა და, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას დაბადების დღეზე ფული აჩუქეს, თუმცა არ იციან, რაში დახარჯა მათმა შვილმა თანხა. პოლიცია 2 ვერსიას ასახელებს: რუფმა იარაღის შეძენა საჩუქრად მიღებული ფულით შეძლო, ან იარაღი მას მამამ აჩუქა.
როგორც მისი მეგობარი ამბობს, დილან რუფი ”რაღაც ძალიან გასაოცარს” 6 თვის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა არავინ იცოდა მისი რეალური გეგმების შესახებ.
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის, ნიკი ჰალის განცხადებით, შტატი დაინტერესბულია, რომ დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ფორმა, სიკვდილით დასჯა შეეფარდოს.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. პრეზიდენტის განცხადებით, რასიზმი ახალგაზრდების გონებას დღემდე ბილწავს და პროგრესის მიუხედავად პრობლემა საზოგადოებაში კვლავ რჩება. ობამას თქმით, რასიზმი საფრთხეს უქმნის შტატების დემოკრატიულ იდეალებს.