ახალი ამბები

“მთავარი არხი” ნდობის რეიტინგში “რუსთავი 2-ს” უსწრებს – NDI

16 იანვარი, 2020 • 8621
“მთავარი არხი” ნდობის რეიტინგში “რუსთავი 2-ს” უსწრებს – NDI

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა “მთავარ არხს” უფრო ენდობა, ვიდრე “რუსთავი 2-ს”.

NDI-ის მონაცემებით, “მთავარ არხს” 18% ენდობა, მაშინ როცა “რუსთავი 2-ის” ნდობის მაჩვენებელი 12%-ია. 2019 წლის აპრილში, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა, მისი ნდობის მაჩვენებელი 28% იყო.

“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა და არხიდან წამოსული თანამშრომლების ნაწილით დააკომპლექტა.

ტელევიზიების ნდობის რეიტინგში 30%-ით ლიდერობს “იმედი”. აღნიშნული ტელეარხი ლიდერობდა 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის დროსაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, მას უსწრებს “იმედი”, “მთავარი არხი”, “რუსთავი 2”, ტვ “პირველი”. “პირველ არხს” კვლევის მიხედვით 3% ენდობა. მსგავსი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანულ ტელეარხ “აზ ტვ-საც”.

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედი” “ქართული ოცნების” ინტერესებს გამოხატავს, 22%-ის აზრით კი – არცერთის. მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ ეს ტელეარხი ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს.

რაც შეეხება “მთავარ არხს”, 63%-ის აზრით, აღნიშნული ტელეარხი ოპოზიციის მიზნებს ემსახურება, 3%-ის აზრით კი – ხელისუფლების.

გამოკითხულთა 29%-ის აზრით კი, “რუსთავი 2” ემსახურება ოპოზიციის ინტერესებს, ხოლო 20% ფიქრობს, რომ  “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.

უფრო დეტალურად ნახეთ სლაიდი:

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება +/- 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი