ახალი ამბები

თბილისში აქცია სახელწოდებით: ,,ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი!” გაიმართება

19 ივნისი, 2015 •
თბილისში  აქცია სახელწოდებით: ,,ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი!” გაიმართება

“ზოოპარკისადმი უკმაყოფილება დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. ცხოველთა დამცველებმა არაერთხელ გაილაშქრეს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ქმედებების თუ უმოქმედების წინააღმდეგ, რადგან ეს საფრთხეში აგდებდა მობინადრე ცხოველების კეთილდღეობას. 14 ივნისის ღამის წყალდიდობამ და მისმა შედეგებმა ათასობით მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მიზეზები, რამაც გამოიწვია მათი მოთხოვნა ზოოპარკის საბოლოოდ გაუქმების შესახებ, საკმაოდ ბევრია”, – წერია ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

აქციის ორგანიზატორთა არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ზოოპარკი:

 

ზოოპარკი სახიფათოა ადამიანებისათვის. ბოლო ტრაგიკულ მოვლენებამდე ზოოპარკში არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა სხვადასხვა პირთა, მათ შორის თანამშრომელთა დასახიჩრება;

 

ზოოპარკი სასტიკია ცხოველების მიმართ. 

 

თბილისის ზოოპარკს მიაქვს დიდი თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან. ყოველწლიურად ზოოპარკისთვის ირიცხება დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი. ეს თანხები ირიცხება მოქალაქეთა გადასახადებიდან. სახელმწიფოში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არსებობენ მიუსაფარი და მშიერი ადამიანები და ცხოველები,  ეგზოტიკური სახეობების შეძენაში, მათი კვების უზრუნველყოფაში და ახალი ზოოპარკების შენებაში მილიონების ხარჯვა არის უგნურება და ბოროტება. ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად. ზოოპარკის გადასატანად კი საჭიროა 100-500 მილიონი  ლარის ოდენობის თანხა! (ზოოპარკის დირექტორის გათვლებით)

 

თბილისის ზოოპარკი ეკოლოგიური კატასტროფაა – ზოოპარკის გადატანამ თბილისის ზღვაზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყალსაცავის დაბინძურება, რომლიდანაც წყალი მიეწოდება მოსახლეობას. 

 

განმარტება: თავდაპირველად ტექსტში იყო ამ აქციის ორგანიზატორების ბრალდებები ზოოპარკის ადმინისტრაციის მიმართ, რაც ფაქტებით არ დასტურდება და ამის გამო, განცხადებიდან ეს ნაწილი ამოღებულია ნეტგაზეთის რედაქციის მიერ

მასალების გადაბეჭდვის წესი