ახალი ამბები

კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, თქვენთან ვარო – ელისაშვილი

16 იანვარი, 2020 • 1900
კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, თქვენთან ვარო – ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, თქვენთან ვარო“ [მხარდაჭერა აღუთქვა].

„ჩემი ინფორმაციით, ბოლო დროს კალაძემ ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეუთვალა, „რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე, თქვენკენ გადმოვხტები“ და ა.შ.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა 15 იანვარს, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

ელისაშვილს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვის შეუთვალა ეს თბილისის მერმა, ვისი პირით, ან ვისზე დაყრდნობით ამბობდა ამას.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვებს ელისაშვილმა ასე უპასუხა: „ესეც გაირკვევა თანდათან და თვითონ თქვან ოპოზიციის ლიდერებმა… თვითონაც ხომ თქვა [კალაძემ], არ გამოვრიცხავ, ოპოზიციაში გადავიდეო და ვნახოთ, როგორ იქნება მისი ოპოზიციაში გადასვლის ამბავი“.

კალაძემ 2018 წლის დეკემბერში ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ერთ მშვენიერ დღეს“ ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდეს, თუმცა მალევე განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნა არ უგულისხმია.

ელისაშვილმა გადაცემაში ასევე თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილს კალაძის ფაქტორი აღიზიანებს“ და უახლოეს მომავალში კალაძის გარემოცვა, მერიის მაღალჩინოსნები, შეიძლება დააკავონ კორუფციის ბრალდებით:

„თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო ამბავი იყო, კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს, სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს, რომ კორუფციას გაეშვნენო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაიწყება დაჭერების სერია… თუ ვინმე კისერს მოუგრეხს კახი კალაძეს, ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღე-დღეზე. მის გარშემო ძალიან ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ“.

15 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა, რის შემდეგაც, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, განაცხადა, რომ კორუფიის კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა და მისი განცხადება პრევენციული იყო.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ალეკო ელისაშვილთან ინფორმაციის დაზუსტებას; ჩვენ ასევე ვცდილობთ, მოვიპოვოთ საპასუხო კომენტარი თბილისის მერიის პრესსამსახურისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი