ახალი ამბები

3-წლიანი აკრძალვის შემდეგ თურქეთში ვიკიპედიაზე წვდომა აღადგინეს

16 იანვარი, 2020 • 1520
3-წლიანი აკრძალვის შემდეგ თურქეთში ვიკიპედიაზე წვდომა აღადგინეს

სხვადასხვა მედიასაშუალება იუწყება, რომ თურქეთში ონლაინ ენციკლოპედია „ვიკიპედიაზე“ თითქმის სამი წლის შემდეგ წვდომა აღდგა.

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში wikipedia.org-ზე წვდომა 2017 წლის აპრილში დაახშო იმ მოტივით, რომ ქვეყნის უშიშროებას საფრთხეს უქმნიდა.

2020 წლის 15 იანვარს ანკარის სასამართლომ ეს შეზღუდვა მოხსნა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვებგვერდის დაბლოკვა „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული სოციალური წყობილების საჭიროებებს“, – იუწყება თურქული სააგენტო „ანადოლუ“.

ვიკიპედიაზე წვდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ამერიკის ხმაც“. ამ გამოცემის თანახმად, ჩინეთის გარდა, თურქეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვიკიპედიაზე წვდომას სრულად კრძალავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს „ვიკიპედიის“ დამფუძნებელმა ორგანიზაციამ მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების თანახმად, გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ინტერნეტისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქმეებზე.

გადაწყვეტილების შემდეგ ტვიტერზე მომხმარებლები წერდნენ, რომ შეზღუდვა ინტერნეტის ყველა პროვაიდერს არ ჰქონდა მოხსნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი