18:00 საათზე საპროტესტო აქციები გაიმართება ერთდროულად საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, რუსთავი. აღნიშნულ ქალაქებში აქციები გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური შემოწმების დაწესებულებებთან: თბილისი – აღმაშენებლის ხეივანი № 113 (დიღმის მთავარი სამმართველოს ეზოში მდებარე ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური); ქუთაისი – ორახელაშვილის ქ. № 8, ოზურგეთი – ჭავჭავაძის ქ. № 3, ბათუმი – აბუსერიძის ქ. № 11, რუსთავი – მეგობრობის ქ. № 22ა
“ქუჩის ნარკოტესტირება – რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მანკიერი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ადამიანების უკანონოდ შერჩევითად ქუჩაში დაკავება და ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანა. გადაყვანას ექვემდებარება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოიწვევს საფუძლიან ეჭვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებში. აღნიშნული პრაქტიკის განსახორციელებლად წლების მანძლიზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ათობით მილიონი ლარი, მაშინ, როდესაც აღნიშნული პრაქტიკა სრულიად არაეფექტურია”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აქცია მიმართულია ქვეყანაში წლების მანძილზე არსებული ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკის აღმოფხვრისაკენ.
“საპროტესტო აქციის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს: გაუქმდეს ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა! საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნას 273-ე მუხლი, შესაბამისად, გაუქმდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. დაზოგილი თანხები გადამისამართებულ იქნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული (ზიანის შემცირება,მკურნალობა/რეაბილიტაცია,რესოციალიზაცია) პროგრამების დანერგვასა და გაფართოებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ზემოხსენებულ აქციას წინ უსწრებდა ინციდენტი, რომელიც ნარკოტესტს უკავშირდება. 56 წლის ლევან აბზიანიძე 17 ივნისს, ღამით ქუთაისში, რუსთაველის პარკში, გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილის 2 მეზობელი ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან საუბარში აცხადებენ, რომ აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომლებიც მას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დაალევინეს. დღეს გარდაცვლილის შვილმა ნეტგაზეთთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მეზობელმა კი უთხრა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას შარდმდენის თაობაზე.
“ლევან აბზიანიძეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა. მას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება და პოლიციამ გაუშვა. ამ დროისათვის დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი”- აცხადებენ შს სამინისტროში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დღეს, 19 საათზე ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტს ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ იგი ნარკოტესტირების გამო გარდაიცვალა, მთავრობის ადმნისტრაციის ოფისთან გააპროტესტებენ.