ახალი ამბები

„ხვალ შეიძლება ევროპელი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ საფრთხეში“ – რუჰანის მუქარა | ირანი

15 იანვარი, 2020 • 1821
„ხვალ შეიძლება ევროპელი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ საფრთხეში“ – რუჰანის მუქარა | ირანი

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი ევროპელი ჯარისკაცები შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდნენ.

„დღეს ამერიკელი ჯარისკაცია საფრთხეში, ხვალ შეიძლება ევროპელი ჯარისკაცი აღმოჩნდეს საფრთხეში“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვაში 15 იანვარს.

რუჰანის არ უსაუბრია დეტალების შესახებ, თუმცა, როგორც „გარდიანი“ წერს, ევროპელი ჯარისკაცები განლაგებულნი არიან აშშ-ის ჯარისკაცებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში; ამასთან, საფრანგეთი ფლობს სამხედრო ბაზას აბუ დაბიში, ბრიტანეთი კი – ბაჰრეინში.

გამოცემა „გარდიანის“ (The Guardian) თანახმად, რუჰანის ეს მიმართვა არის ბოლო პერიოდში ირანის პირველი პირდაპირი მუქარა ევროპული ძალების მისამართით.

ამავე გამოცემის თანახმად, მუქარა დაკავშირებულია შიშთან, რომ შესაძლოა ევროპულმა ძალებმა ირანს კვლავ დაუწესონ სანქციები. საკითხი ბირთვულ შეთანხმებას უკავშირდება.

2015 წელს დადებული გარიგების საფუძველზე, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქმედებების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა“ [JCPOA], ირანი შეუთანხმდა ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, რომ შეზღუდავდა საკუთარ ბირთვულ პროგრამას.

რუჰანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 14 იანვარს, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ამ შეთანხმების ფარგლებში აამოქმედეს „დავების მოგვარების მექანიზმი“ ირანის წინააღმდეგ. ამ პროცესმა შესაძლოა დაასრულოს 2015 წლის შეთანხმება, რის შემდეგაც, შესაძლოა, გაერომ ირანს ხელახლა დააკისროს სანქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი