ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ქულების სისტემას მძღოლები შიშით ხვდებიან

15 იანვარი, 2020 • 1876
სომხეთში ქულების სისტემას მძღოლები შიშით ხვდებიან

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


2020 წლის I იანვრიდან სომხეთში ავტომობილების მძღოლებისთვის, კანონდარღვევებზე  ჯარიმის პარალელურად, ქულების სისტემა ამოქმედდა.  კანონი ჯერ მხოლოდ 15 დღეა ძალაში შევიდა, თუმცა მძღოლების ნაწილი უკვე პრეტენზიებს გამოთქვამს, ნაწილი კი ცვლილებას რეალურ რეფორმას უწოდებს.

ახალი რეგულაციით, მძღოლს მთლიანობაში 9 ქულა ენიჭება და ყოველი დარღვევისთვის გარკვეული რაოდენობის ქულა აკლდება. 

თუკი მძღოლი დახარჯავს 9-ვე ქულას, ექვსი თვით მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. 

აქამდე ნებისმიერი კანონდარღვევისთვის მძღოლს მხოლოდ აჯარიმებდნენ, თუმცა, ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმის ოდენობა ქულების შემოღების სისტემის პარალელურად შემცირდა.

მძღოლს ყოველწლიურად 9 ქულა მიენიჭება. ყოველი წლის ბოლოს ეს ქულები განულდება და მერე ისევ ახალი 9 ქულა მიენიჭება. კანონდარღვევის სახეობის გათვალისწინებით, მძღოლს ერთ კონკრეტულ კანონდარღვევაზე 0-დან 4 ქულამდე მოაკლდება. რიგ შემთხვევებში კი, მართვის მოწმობა 6-თვიდან 1 წლამდე ჩაემოერთმევა.

ყველაზე მკაცრი, ანუ 4- ქულიანი დარღვევა და ჯარიმა 29 000 დრამის [დაახლოებით, 60 აშშ დოლარი] ოდენობით არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის და სიჩქარის გადაჭარბებისთვის შემოიღეს. ყველაზე ნაკლები ქულა [0,15 და 5000 დრამი – 10 აშშ დოლარი ჯარიმა] მაგალითად, გათვალისწინებულია სანომრე ნიშნის გაუმართაობისთვის – როდესაც ნომერი გარკვევით არ იკითხება. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციის “მძღოლის მეგობარი” წარმომადგენლის, დავით პედანიანის განმარტებით, აღნიშნული ქულების სისტემა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს, იმ დროს, როდესაც უპრიანი იქნებოდა საკუთარი რეალობის გათვალისწინება.

“ნახეთ, 4 ქულა იმ შემთხვევაში გაკლდებათ, თუკი მძღოლი მოიხმარს ალკოჰოლს, გადააჭრბებს სიჩქარეს ან შემხვედრ ზოლში გადავა, 0,15 ქულა კი არასწორი პარკირებისთვის გაკლდება, იმ დროს, როდესაც, არასწორი პარკირება სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და სწორედ ის არის ხშირი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებისა და საცობების”, – ამბობს პენდანიანი.

“ძალიან კარგი სისტემაა. ვინც ცუდად მართავს და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ხდება, დაკარგავს მართვის მოწმობას. ისიც კი საკითხავია, თავის დროზე როგორ მიიღეს ასეთმა მძღოლებმა მართვის მოწმობა. ერთი სიტყვით, კარგია ეს ცვლილებები და მკაცრი პოლიტიკა”, – გვიზიარებს აზრს ერევნელი მძღოლი. 

მეორე მძღოლის განმარტებით, ახალი სისტემა კიდევ უფრო მეტად ძაბავს და აშინებს მძღოლს, რაც მისი აზრით, არასწორია. 

“თითქოს ჯარიმა არ იყო საკმარისი, ახლა ქულებიც გაკლდება. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც იძულებული ხარ წესი დაარღვიო და ავარია აიცილო. განსაკუთრებით, სომხეთში ასე ხშირად ხდება. შეიძლება ვინმემ მოულოდნელად გზა გადაგიჭრას და მოპირდაპირე ზოლში მანიშნებლის გარეშე გადმოგიხტეს. მაშინ შენც იძულებული ხარ წესი დაარღვიო, რათა ავარია აიცილო თავიდან. შესაბამისად, ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი მძღოლი ხარ და ქულები უნდა მოგაკლონ”. 

ქულების კლებისა და ჯარიმის პარალელურად, ზოგიერთი კანონდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, მაგალითად:  მართვის მოწმობის გარეშე მართვა; შეჩერებული მართვის მოწმობით ორჯერადად მართვა;

ზოგიერთი კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ერთი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა. ასეთ დარღვევებს შორისაა: 

  • პოლიციის, სასწრაფო დახმარების მანქანების მსგავსი ხმოვანი სიგნალისა და განათების უკანონო გამოყნება;
  • ტარება ნომრის გარეშე ან გაყალბებული ნომრით [აქამდე ამ დარღვევებზე მხოლოდ 200000 დრამი ჯარიმა იყო გათვალისწინებული]; 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის “ყვითელი ნომრების” უკანონო მოხმარება;
  • საგზაო პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა;
  • სიჩქარის გადაჭარბება 81 და უფრო მეტი კმ/საათით;
  • ნარკოტიკის ან ფსიქოტროპული ნივთიერების გამოყენება მართვის დროს ორი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

მძღოლებს სომხეთში საკუთარი ქულებისთვის და ჯარიმებისთვის თვალის მიდევნება შეუძლიათ ვებ-გვერდზე Roadpolice.am. 

სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები, პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისთვისაა არახელსაყრელი. ამის შესახებ თავად ტაქსის მძღოლებიც საუბრობენ. 

“დღეში საშუალოდ 100-150 კილომეტრ მანძილს გავდივართ და რაც არ უნდა იყოს, რომელიღაც მომენტში მაინც ვარღვევთ კანონს. შეიძლება მგზავრმა არასწორ ადგილას გთხოვოს გაჩერება, რომ ჩავიდეს. მით უმეტეს, ერევანში ბევრია ისეთი ქუჩა, სადაც გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის მითითებული, ჩვენ ხომ არ ვიცით ყველა ქუჩა ზეპირად”, – გვეუბნება ტაქსის მძღოლი. 

ამავე დროს მძღოლმა აღიარა, რომ ფრთხილად ივლის, რომ არ დაკარგოს მართვის მოწმობა: 

“ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა”. 

სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მძღოლებს დისციპლინის შემთხევაში სანერვიულო არაფერი აქვთ, მით უმეტეს, ჯარიმები კანონდარღვევისთვის აქამდე ისედაც მოქმედებდა. 

სერგეი კაგრამანიანი საგზაო მოძრაობების საკითხების ექსპერტია სომხეთში. ის მიიჩნევს, რომ ქულების სისტემა პირიქით, მძღოლების სასარგებლოდ იმუშავებს.

მისი თქმით, აქამდე მძღოლები ჯარიმის ოდენობაზე ბრაზდებოდნენ და ქვეყნის სოციალურ დონესთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ, დღეს კი ქულების შემოღებას აპროტესტებენ.

“ეს კანონი პასუხისმგებლობის უფრო მაღალი გრძნობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მძღოლმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს”, – ამბობს კაგრამანიანი.

თავად კანონის ავტორები –  სომხეთის პოლიციის წარმომადგენლები – საკითხზე საუბრისას გზებზე სიკვდილისა და ადამიანების დაშავების გაზრდილ სტატისტიკაზე მიუთითებენ და დასკვნების გამოტანას მოქალაქეებისგან მოელიან. 

2001 წელს სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 237 ადამიანი დაიღუპა და 1258 დაშავდა. 2002 წელს 235 დაიღუპა და 1213 დაშავდა. 2016 წელს 267 დაიღუპა და 4451 დაშავდა, 2017 წელს 289 დაიღუპა და 5189 დაშავდა”. 

ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი არმენ ხაჩატრიანი აღნიშნავს, რომ ქულების მინიჭების სისტემას ერთი მიზანი აქვს – ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება და, შესაბამისად, ავტოავარიების დროს მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობის კლება. 

ამავე დროს, სომხეთში მკაცრდება მართვის მოწმობის მიღების პროცედურები, რათა სომხეთში მართვის მოწმობისთვის ქრთამის მიცემის პრაქტიკა აღკვეთონ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი