ნორვეგიელმა მოჭადრაკემ მაგნუს კარლსენმა დაამყარა მსოფლიოს რეკორდი დროის კლასიკური კონტროლით წაუგებელი პარტიების რაოდენობით. 14 იანვარს მან და ჰოლანდიელმა იორდენ ვან ფორესტმა ვეიკ ან ზეს ტურნირის ფარგლებში ყაიმი ითამაშეს, რის შედეგადაც კარლსენის სერიამ 111 პარტიას მიაღწია. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
წინა რეკორდი, ანუ 110 თამაში, ეკუთვნოდათ ხორვატ ბოგდან ლალიჩს და საბჭოთა და ნიდერლანდელ დიდოსტატს სერგეი ტივიაკოვს, თუმცა მათი რეკორდი არაა ოფიციალური, რადგანაც არ იყო ყველა ფორმალობის გათვალისწინებით დაფიქსირებული.
წინა ოფიციალური რეკორდი, 100 პარტია, ჩინელ დინ ლიჟენს ეკუთვნოდა. კარლსენმა მას 2019 წლის ოქტომბერში აჯობა. ბოლო პარტია მსოფლიოს ჩემპიონმა 2018 წლის 31 ივლისს დათმო, ხოლო ჩემპიონის ტიტულს 2013 წლიდან ატარებს.
გარეკანის ფოტო: EPA
