ახალი ამბები

აქტიური სექსუალური ცხოვრება ადრეული მენოპაუზის შანსებს ამცირებს – კვლევა

15 იანვარი, 2020 • 3508
აქტიური სექსუალური ცხოვრება ადრეული მენოპაუზის შანსებს ამცირებს – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც უფრო მეტი სექსი აქვთ, ადრეული მენოპაუზის [მენსტრუაციის ფიზიოლოგიური შეწყვეტა] დაწყების შანსი უმცირდებათ. კვლევა University College London-ს ეკუთვნის და მის შესახებ The Guardian წერს.

კვლევა 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თითქმის 3 000 ქალის მონაცემს მოიცავს.

აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა 1990 წელს დაწყებული კვლევების მონაცემებს. იმ დროისთვის კვლევაში მონაწილე ქალთა საშუალო ასაკი 45 წელი იყო და უმეტესობას ჰყავდა პარტნიორი.

შედეგების თანახმად, ქალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყოველკვირეულად სექსი ჰქონდათ, მენოპაუზის სიმპტომები უფრო გვიან ეწყებოდათ, ვიდრე იმ ქალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სექსი ყოველთვიურად ჰქონდათ.

კვლევის თანახმად, ამ ქალებს შორის სხვაობა 28%-ს შეადგენს. ხოლო ქალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყოველთვიურად ჰქონდათ სექსი, მენოპაუზის ადრეულ ასაკში დაწყების შანსი 19%-ით უმცირდებოდათ, იმ ქალებთან შედარებით, ვინც ამბობდა, რომ სექსი თვეების განმავლობაში არ ჰქონდათ.

კვლევის ავტორი, მეგან არნოტი შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ თუ ქალს სექსი არ აქვს და, შესაბამისად, ორსულობის შანსი არ არსებობს – სხეულმა შესაძლოა „აირჩიოს“ ოვულაციაში [მომწიფებული კვერცხუჯრედების საკვერცხეებიდან გამოსვლა] ყოფნა და რესურსები არ დახარჯოს.

კვლევაში მონაწილე ქალებისთვის განკუთვნილი კითხვარი ისეთ კითხვებს შეიცავდა, როგორიცაა: ჰქონდათ თუ არა მათ სექსუალური ურთიერთობა პარტნიორთან უკანასკნელ 6 თვეში, მათ შორის, დაკავებულან თუ არა ამ პერიოდში ორალური სექსით, სექსუალური შეხებით ან თვითსტიმულაციით.

პასუხების თანახმად, შემთხვევათა 64%-ში ქალები ამბობდნენ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ჰქონდათ რაიმე სახის სექსუალური ურთიერთობა.

კვლევის დაწყებისთვის არცერთ ქალს მენოპაუზა არ ჰქონდა, თუმცა 46% ამბობდა, რომ მენოპაუზის ადრეულ სიმპტომებს განიცდიდა, ისეთს, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის ცვლილება და ცხელება. 10 წლის შემდეგ ქალთა 45% ამბობდა, რომ ბუნებრივი მენოპაუზა, საშუალოდ, 52 წლის ასაკში დაეწყოთ.

მკვლევრებმა ასევე გაზომეს, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა პარტიორის სქესს. მათი დასკვნის თანახმად, კაცი პარტნიორის ყოლა არ განსაზღვრავდა კავშირს მენოპაუზასა და სექსუალურ აქტივობას შორის. თუმცა ამ კავშირის სრულფასოვანი ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს.

ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, სექსუალური აქტივობა ესტროგენის ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, დიდ როლს თამაშობს ოვულაციის დროს კვერცხუჯერედის გამოყოფაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი