ახალი ამბები

ირანული არხის წამყვანების ნაწილმა სამსახური დატოვა: „ბოდიში, რომ 13 წელი გატყუებდით“

15 იანვარი, 2020 • 4147
ირანული არხის წამყვანების ნაწილმა სამსახური დატოვა: „ბოდიში, რომ 13 წელი გატყუებდით“

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციის დამალვის შემდეგ ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სულ მცირე, ორმა ჟურნალისტმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

არხის კიდევ ერთმა ყოფილმა ტელეწამყვანმა გელარ ჯაბარიმ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ტელევიზია ცოტა ხნით ადრე დატოვა და ბოდიში მოიხადა 13 წლის განმავლობაში მაყურებლის მოტყუების გამო. პოსტი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის (IRIB-ის) ჟურნალისტმა, ზაჰრა ხათამიმ განაცხადა: „გმადლობთ, რომ დღემდე მიღებდით, როგორც წამყვანს. არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში. მომიტევეთ“.

კიდევ ერთმა წამყვანმა, საბა რადმა განაცხადა: „გმადლობთ, რომ ჩემი კარიერის, მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ვაცხადებ, რომ IRIB-ში მუშაობის 21 წლის შემდეგ არ შემიძლია, მედიაში მუშაობა გავაგრძელო. არ შემიძლია“.

გამოცემა „გარდიანის“ (The Guardian-ის) თანახმად, ჟურნალისტების განცხადებები არის ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის გამოხატულება, რაც მოჰყვა ოფიციალური პირების თავდაპირველ მცდელობას, უარეყოთ, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა განაცხადეს, რომ ეს შეცდომით მოხდა და ბოდიში მოიხადეს. ეს ყველაფერი აშშ-ის მიერ გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობას მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ თეირანის ქუჩებში უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების გამო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი გამოვიდა. რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, მათივე განცხადებით, ეს შეცდომით მოხდა, რადგან თვითმფრინავი „მტრულ სამიზნეში“ აერიათ.

„გარდიანის“ თანახმადვე, ირანში განვითარებული კრიზისი იმაშიც გამოიხატება, რომ ახალი ამბების ისეთი სააგენტოებმაც კი, რომლებსაც რეჟიმთან აკავშირებენ, დაიწყეს ქუჩის დემონსტრაციების გაშუქება.

თეირანში დაფუძნებულმა „ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა „ხალხის ნდობის დაკრძალვის“ მოწმეა, რაც აზიანებს „ირანის ოფიციალური მედიის უკვე შერყეულ რეპუტაციას“.

კიდევ ერთი ირანული ტელევიზიის, Press TV-ის კომენტატორმა, ღანბარ ნადერიმ BBC-ს უთხრა, რომ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ რეჟიმის მხარდასაჭერად „მილიონობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რაც ერთიანობის იშვიათი მომენტი იყო“, მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC-მ) ეს მომენტი ხელიდან გაუშვა.

„როგორც ჟურნალისტს, უნდა შეგეძლოს, ღამით იძინო. მე არასოდეს დავშორდები სიმართლეს. ეს დიდებული ქვეყანაა, თუმცა მას დაშვებული აქვს მიუღებელი შეცდომები. თუ IRGC-მ სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო, სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა დავგმო“, – უთხრა მან BBC-ს.

ირანელ ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ „არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხალხის ნდობასა და საზოგადოებრივ აზრზე, რაც კიდევ უფრო შეარყია მედიის ისედაც შერყეული პოზიციები“.

„სიტუაცია უკიდურესად კომპლექსური გახდა. ჩვენ ყველაზე ხმამაღლა მაშინ ვიტყუებით, როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ. და IRIB-ის ჟურნალისტები აცნობიერებენ, რომ მათ ნდობა დაკარგეს“.

თეირანის ქუჩებში ძირითადად სტუდენტები გამოვიდნენ. როგორც BBC იტყობინება, აქციის მონაწილეები ირანის პრეზიდენტის გადადგომას და ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენლის დასჯას მოითხოვენ, ვისაც ბრალი მიუძღვის თვითმფრინავის ჩამოგდებაში, ასევე, ვინც მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდა.

ირანელმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ასევე, დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. დროებით იყო დაკავებული ბრიტანეთის ელჩი ირანში. ის თეირანში სამგლოვიარო ღონისძიებას ესწრებოდა, რაც მოგვიანებით საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. ირანის ხელიუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრიტანეთის ელჩი აქციის მონაწილეებს “აქეზებდა”.

BBC-ის ცნობით, ირანში 11 იანვარს დაწყებული საპროტესტო აქცია მასშტაბებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოხატა აქციის მონაწილეთა მიმართ და ირანის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ირანის სასამართლო სისტემის წარმოამდგენლის, გოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, უკრაინული ბოინგის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ირანული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე “ჩატარდა გამოძიება და რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია”, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი