საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ქართველი მესაზღვრე აიძულა, გაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლის აყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე გ.ი. საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელ საზღვარზე დააკავა. შსს-ს განცხადებით, ინციდენტის მიმდინარეობისას გ.ი-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით.