ახალი ამბები

“შემოტევა იმაზე, რომ რუსეთს ანაკლიის პორტი არ უნდა, არის სისულელე” – ვოლსკი

14 იანვარი, 2020 • 1424
“შემოტევა იმაზე, რომ რუსეთს ანაკლიის პორტი არ უნდა, არის სისულელე” – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “სისულელეა”, რომ რუსეთს ანაკლიის პორტის აშენება არ უნდა.

“შემოტევა იმაზე, რომ რუსეთს ანაკლიის პორტი არ უნდა, ეს არის სისულელე. რუსეთისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ანაკლიის პორტში რა მოხდება ახლა ისეთი, რომ რუსეთი დაინგრევა?” – განაცხადა ვოლსკიმ ტვ “პირველის” ეთერში.

მანამდე „ქართული ოცნების“ წევრმა და დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტზე გადაწყვეტილება რუსული საფრთხის გათვალისწინებით მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიწყო. 2018 წელს კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მალევე კი პროკურატურამ “ფულის გათეთრების საქმეზე” გამოძიება დაიწყო 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო, დაახლოებთ ერთ წელიწადში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე, ბრალი წაუყენა. ამ ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაფერხებლად გადადგა.

ბრალის წარდგენიდან მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძემ აღნიშნული ქმედება პორტის მშენებლობის ხელშეშლას დაუკავშირეს და კონსორციუმი დატოვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების დრო რამდენჯერმე გადაუვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი