ახალი ამბები

“ლელო” BBC-ის რუსული სამსახურისგან ბოდიშსა და ინფორმაციის გასწორებას ითხოვს

14 იანვარი, 2020 • 1017
“ლელო” BBC-ის რუსული სამსახურისგან ბოდიშსა და ინფორმაციის გასწორებას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დაუშვებლად მიიჩნევს BBC-ის რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აფხაზეთის სუვერენულ ერთეულად მოხსეინიებას.

“13 იანვარს გავრცელებულ სიახლეში აფხაზეთის კრიზისის შეფასებისას გამოყენებულია შემდეგი სიტყვები: „აფხაზეთის პრეზიდენტი“ და „აფხაზეთის პარლამენტი“, რაც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულებელყოფას, საქართველოს სუვერენიტეტის და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო სამინისტროს ჯერაც არ ჰქონია რეაქცია. BBC-ს რუსეთის სამსახურს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ ჩაასწოროს მცდარი ინფორმაცია და მოიხადოს ბოდიში საქართველოს სუვერენიტეტის ხელმყოფი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ლელო საქართველომ“ ამის თაობაზე უკვე გაუგზავნა საპროტეტსო ნოტა BBC-ს რუსულ სამსახურს”, – აცხადებს “ლელო”.

BBC-ის რუსულ სამსახურს სტატიის დასაწყისში რაულ ხაჯიმბა მოხსენიებული ჰყავს როგორც “საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკის პრეზიდენტი” (რუს. Президент отколовшейся от Грузии республики Абхазии Рауль Хаджимба), შემდეგ კი სტატიის სხვა ნაწილში მას მოიხსენიებს როგორც აფხაზეთის პრეზიდენტად.

BBC ისევე, როგორც მისი რუსულენოვანი ფილიალი, უკვე წლებია, სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ხსენებისას ქართულ მედიაში დამკვიდრებული ტერმინების (დე ფაქტო, მარიონეტული, ოკუპირებული, ეგრეთ წოდებული) ნაცვლად იყენებს შედარებით ნეიტრალურ ტერმინს – Breakaway (გამოყოფილი), თუმცა თითოეული ნიუსის ბოლოს განმარტებულია, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც 1992-93 წლებამდე საქართველოს ნაწილი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ, სირიამ და ვენესუელამ აღიარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი