ახალი ამბები

დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება

18 ივნისი, 2015 •
დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები და მათ შორის დაზარალებული პირებისთვის სამომხმარებლო სესხების პატიების თემა, რის შესახებაც თავად განაცხადებენ.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, გარდა ამისა, საბანკო სექტორი სერიოზულ დახმარებას გეგმავს არა მხოლოდ სესხების, არამედ დედაქალაქის მერიისა და დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით.

 

 „საბანკო სექტორი დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარობის მხრივ ერთიანია. დაზარალებული მსესხებლების 80-85 პროცენტი დადგენილია და ყველა ის შეღავათი, რომელიც შეიძლება იყოს ჩამოწერით დაწყებული, საბანკო სექტორის მიერ გამოყენებული იქნება“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.

 

ოფიციალური ცნობით, უკვე ცნობილია, რომ „ვითიბი“ ბანკი დახმარებას ოთხჯერ, 209 000 ლარამდე ზრდის. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ანალოგიური გეგმები აქვთ სხვა კომერციულ ბანკებსაც.

 

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომლებიც დღეს ბანკებში აკუმულირდება.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემუშავებული იყოს გამჭვირვალე მექანიზმი, რათა ყველა შემომწირველმა იცოდეს, რომ ყველა თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

შეხვედრაზე საბანკო სექტორს მხარდაჭერისთვის, პრემიერ-მინისტრის სახელით, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი