„ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყების თანახმად, ჩაჩხიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, მე-5 ნაწილის „გ“, მე-7 ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აქამდე, შსს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აწარმოებდა, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გადაკვალიფიცირების შემდეგ შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს კლუბი “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სამი პირი დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო 14 იანვარს იმსჯელებს.

“ბასიანის” 3 თანამშრომლის მკლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com