ნეტგაზეთი | “ბასიანის” 3 თანამშრომლის მკლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს “ბასიანის” 3 თანამშრომლის მკლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – Netgazeti

“ბასიანის” 3 თანამშრომლის მკლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღამის კლუბ “ბასიანთან” მომხდარი სროლის შემდეგ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სამი პირი დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “ბასიანის” ერთ-ერთმა “თანამშრომელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, დაჭრილია კლუბის სამი თანამშრომელი:

“ერთს ზურგში მოხვდა ტყვია, ორს კი ფეხში”.

მისივე მონაყოლით, პირი, რომელმაც სროლა დაიწყო, მანამდე კლუბში იმყოფებოდა, თუმცა დიჯეისთან კონფლიქტის შემდეგ მას კლუბი დაატოვებინეს.

“ამის შემდეგ ნახევარ საათში დაბრუნდა კლუბთან იარაღით და სროლა ატეხა. კიდევ კარგი, დაცვის თანამშრომელმა დაინახა, რომ იარაღი ჰქონდა და გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა. კლუბის კარსაც ესროდა, გაღუნულია კარი”, – უთხრა “ბასიანის” თანამშრომელმა “ნეტგზეთს”.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი , 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სროლა კლუბ “ბასიანთან” –  დაჭრილია კლუბის სამი თანამშრომელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.