ახალი ამბები

მღვდელს, რომელიც ყოფილი ცოლისადმი მუქარაშია ბრალდებული, საპატრიარქო მონასტერში განამწესებს

11 იანვარი, 2020 • 1962
მღვდელს, რომელიც ყოფილი ცოლისადმი მუქარაშია ბრალდებული, საპატრიარქო მონასტერში განამწესებს

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით სინანულისთვის მონასტერში განამწესებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

ჯაღმაიძის განმარტებით, ჩიქოვანს უახლოეს პერიოდში განესაღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენ ხანს.

ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, 10 იანვარს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 3 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

ჩიქოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურას სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ მოუთხოვია.

სასულიერო პირის ყოფილმა მეუღლემ 5 იანვარს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მას ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლისა და მამამთილის მხრიდან, რომელიც ასევე სასულიერო პირია. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, სამართალდამცავებმა სასულიერო პირს შემაკავებელი ორდერი არაერთხელ გამოუწერეს, რის გამოც ცოლთა მიახლოება აკრძალული აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი