ახალი ამბები

მოსამართლე გიორგი არევაძემ გვარამიას საქმე აიცილა

10 იანვარი, 2020 • 2726
მოსამართლე გიორგი არევაძემ გვარამიას საქმე აიცილა

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეებზე დღეს, 10 იანვარს თვითაცილება გამოაცხადა. ნიკა გვარამიას განმარტებით, ამის შესახებ წინასწარ იცოდა:

“ზუსტად ვიცოდი წინასწარ, რომ ეს თვითაცილება იქნებოდა… მან საქმე გადაიყვანა პირად ურთეირთობაში იმიტომ, რომ საქმე აეცილებინა.

ჩვენ მაინც ვაყენებდით აცილების საკითხს და შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმის არაცილება. მე წინა პროცესზე ვიკითხე, რატომ არის განმხილველი ჩვენი მოსამართლე არევაძე და რატომ მოხდა ისე, რომ არის ხაზარაძის მოსამართლეც არევაძე. მარტივად გეტყვით, ელექტრონული შერჩევითობითო, მიპასუხა”, – განაცხადა გვარამიამ.

სასამართლო პროცესის შემდეგ გვარამიამ ასევე განმარტა, თუ რას ნიშნავს ელექტრონული შერჩევის წესი და როგორ შეუძლია მთავრობას ამ პრინციპით სასურველი მოსამართლის მიმაგრება კონკრეტულ საქმეზე.

გვარამიას განმარტებით, ელექტრონული შერჩევისას განიხილებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც კონკრეტული მიმართულებით აქვთ სპეციალიზაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გვარამიას განმარტებით, მას და მამუკა ხაზარაძეს ერთი და იგივე, 194-ე მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც ფულის გათეთრებას გულისხმობს.

გვარამიას თქმით, იმისთვის, რომ ეს სასამართლო პროცესი განეხილა კონკრეტულ მოსამართლეს, საჭირო იყო 194-ე მუხლის მიმაგრება, რომლის შემდეგაც მხოლოდ 3-4 მოსამართლეს შორის მოხდებოდა ერთის ელექტრონულად შერჩევა:

“გამოიცანით, როგორ ხდება სამი-ოთხი მოსამართლის “დაკერვა” იმისთვის, რომ პროცესის შესაბამისი განაჩენი გამოიტანონ, მარტივად. გამოიცანით, რამდენ მოსამართლეში ხდება ელექტრონული შერჩევა, სამში. გამოიცანით, თუ ვინმე ვერ “დაკერეს”, ის რას შვრება, შვებულებაში გადის, რომ ელექტრონულ შერჩევაში მონაწილეობა არ მიიღოს და მაშინ შეიძლება მხოლოდ ერთ არევაძეში ელექტრონულად აირჩიონ ის ერთი არევაძე”, – განმარტავს გვარამია.

ასევე, თვითაცილებამდე, მოსამართლე არევაძემ ნიკა გვარამიას 500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებისთვის, სადაც ის მოსამართლეს “არაადეკვატურს” უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი