ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას

9 იანვარი, 2020 • 1507
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 19-ით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას.

ხუთი დეპუტატი ამ წუთებში რაულ ხაჯიმბას აგარაკისკენ გაემართა, სადაც შექმნილი მდგომარეობა უნდა განიხილონ.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომა დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომლებმაც სოხუმში პარალამენტის შენობა შტურმით აიღეს.

დღეს, 9 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის პირველ საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ხალხის შეკრება დაიწყო. ამავე დროს უზენაესი სასამართლოს შენობაში საკასაციო კოლეგიის მორიგი სხდომა მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი იხილებოდა.

2019 წლის 8 სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვიცინიამ სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საჩივარი.

სასამართლო პროცესი დროში გაიწელა თავად კვიცინიას ადვოკატის მიზეზით. ბოლო ორი პროცესის განმავლობაში იგნა გაბილაია ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებს. ის მიიჩნევს, რომ მოსამართლე დაინტერესებული მხარეა. სასამართლო პროცესში არსებულმა ფაქტებმა ოპოზიციის მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია, შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს, სასამართლო პროცესის პარალელურად გამართონ დაუმორჩილებლობის აქციაც.

ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის დრამატული თეატრის შენობასთან შეკრებით [მიტინგების ტრადიციული ადგილი]. შემდეგ ხალხი, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაემართა.

ეს დაახლოებით იმ მომენტში მოხდა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდნენ. ზუსტად ამ დროს სასამართლო დარბაზში მოსარჩელის, ალხას კვიცინიას და აუდიტორიის მხარდასაჭერად აფხაზეთში ცნობილი [დონბასში ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელი] ახრა ავიძბა გამოცხდდა. მან სასამართლოზე დასწრებას დროის კარგვა უწოდა და მოუწოდა, აქციის მონაწილეებთან გასულიყვნენ.
სწორედ ამ დროს აქტივისტები უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმს გეგმავდნენ. თავიდან შენობის მთავარი კარი მოხსნეს, შემდეგ კი ფანჯრების მსხვრევა დაიწყეს. უკვე შენობაში კი ყველა კაბინეტში შეიჭრნენ და ინვენტარი დააზიანეს. პრეზიდენტი იმ დროისთვის უკვე გაყვანილი ჰყავდათ სოხუმში აგარაკზე, სადაც უშიშროების საბჭოსთან ხდომა გამართა, შემდეგ კი განცხადებით წარდგა, რომელშიც საზოგადოებას მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს. მისივე განცხადებით, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში რესპუბლიკაში საგანგებო ვითარება გამოცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი