ახალი ამბები

OSCE/ODIHR-მა მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

9 იანვარი, 2020 • 1041
OSCE/ODIHR-მა მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ დღეს, 9 იანვარს, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელზეც OSCE/ODIHR-მა 2019 წლის აპრილში სახალხლო დამცველის თხოვნით იმუშავა, აღნიშნულია ის დარღვევები და დადებითი მხარეები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამოიკვეთა.

ანგარიშში განმარტებულია, რომ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასამართლოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა ეს არ არის პრევენციული ხასიათის მატარებელი. ასევე ის არ იძლევა გარანტიას, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ იქნება მიკერძოებული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული.

“პროცესის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პარლამეტს მეტი ძალისხმევა დასჭირდა პროცესის დასარეგულირებლად, რათა უზრუნველყოფილიყო ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი, და ასევე გადაჭრილიყო ინსტიტუციისა და პროცესისადმი საზოგადოებრივი ნდობის საკითხი”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა დასანიშნად პლენარული კენჭისყრის გაგრძელების გადაწყვეტილება, პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტის, პროცესის გადადების მოწოდების და კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე არსებული მნიშვნელოვანი შეფერხებების ფონზე, ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობდა ფართო პოლიტიკურ მხარადჭერას და საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას.

ანგარიშში ასევე გამოყოფილია სხვა დარღვევებიც:

  • შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და
    პარლამენტმა, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო და დაიცვა
    სამართლებრივი ვადები, თუმცა პროცესის რეგულირებისათვის არცერთს საკმარისად
    არ უსარგებლია, მინიჭებული უფლებამოსილებით უზრუნველყო ობიექტურობა,
    სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი.
  • 20 კანდიდატის ნომინირების კენჭისყრის შემდეგ ODIHR-მა გამოაქვეყნა ნომინირების ეტაპთან დაკავშირებული ანგარიში, რომელმაც წარმოშვა მნიშვნელოვანი კითხვები პროცესის კეთილსინდისიერების შესახებ . აღნიშნული შეშფოთება გახმიანებული იყო პროცესში დაინტერესებული როგორც საერთაშორისო, ასევე, ქართული მხარის მიერ.
  • ODIHR-ის მონიტორების დაკვირვებით გასაუბრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვის დასმის მანერის და გასაუბრების ხანგრძლივობის მიხედვით, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპებს.
  • იურიდიულმა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი და მიანიჭა მანდატი, განესაზღვრა,
    აკმაყოფილებდა თუ არა კანდიდატი მინიმალურ მოთხოვნებს: ასაკი, სამუშაო
    გამოცდილების ხანგრძლივობა და განათლება. მიუხედავად ოპოზიციის და
    სამოქალაქო საზოგადოების ფართო კრიტიკისა, რომ რიგი კანდიდატები არ
    აკმაყოფილებდნენ მინიმალური იურიდიული განათლების მოთხოვნას, სამუშაო
    ჯგუფმა დაადასტურა ყველა კანდიდატის შესაბამისობა დიპლომების
    გადამოწმებამდე. გადამოწმებული ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
  • დაპირისპირებამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან კანდიდატების მიმართ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გამოხატვამ და საბჭოს წევრების უმრავლესობას შორის კონკრეტული კანდიდატების შესარჩევად გარიგების ბრალდებამ შეამცირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების აღქმა.
  • კარგი საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, მოსამართლეთა დანიშვნასთან
    დაკავშირებულ საბოლოო გადამწყვეტ როლს კანონი ანიჭებს პარლამენტს.
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ვერ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა ყველა კანდიდატს დაეკმაყოფილებინა განათლების მინიმალური მოთხოვნა და საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო შესაბამისად, რამაც შეასუსტა პროცესის
    გამჭვირვალობა და სამართლიანობა.
  • გასაუბრების პროცედურამ, რომელიც შემუშავდა პოლიტიკურ ფრაქციებთან
    კონსულტაციების შედეგად, განსაზღვრა პროცესის სტრუქტურა და თანმიმდევრობა,
    თუმცა ვერ გადაჭრა მოსმენის დინამიკური ხასიათის საკითხი. . ODIHR-ის
    დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხშირი დებატები და პროცედურულ ნიადაგზე
    არსებული კონფლიქტები და აღნიშნეს, რომ თავმჯდომარე არ იყო თანმიმდევრული
    წესების გამოყენებისას და პროცესის მიმდინარეობისას შემოიღო ახალი
    პროცედურები
  • ფრაქციებისთვის დროის გამოყოფამ არასამართლიანი გავლენა მოახდინა კომიტეტის წევრების შესაძლებლობაზე შეესრულებინათ საკუთარი როლი და თავმჯდომარის
    არათანმიმდევრულობამ, დროის დამატების მხრივ, არათანაბარი პირობები შეუქმნა
    კომიტეტის წევრებსა და ფრაქციებს, თუმცა დადებითად შეფასდა უშუალოდ დროის დანიშვნის ფაქტი.
  • მოსმენების მიმდინარეობისას და მედიაში პარლამენტის წევრები ყველა პოლიტიკური სპექტრიდან ღიად გამოხატავდნენ მხარდაჭერას ან უპატივისმცემლობას კანდიდატების მიმართ, რიგ შემთხვევაში იყენებდნენ უხეშ და ბრალდებით ლექსიკას
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის წინაშე გასაუბრების პროცესი, საერთო
    ჯამში, გამჭვირვალედ წარიმართა და უზრუნველყოფილი იყო დამკვირვებლების
    დაშვება. თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შესახებ ინფორმაცია
    საჯაროვდებოდა დაგვიანებით, გასაუბრებისთვის განკუთვნილი სივრცის ტევადობა
    არ პასუხობდა მაღალ ინტერესს და მედიას უწევდა გასაუბრებისთვის პირდაპირი
    ჩართვის საშუალებით თვალყურის დევნება
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რიგი განცხადებები, კომენტარები და გაფრთხილებები, რომლებიც იყო მიკერძოებული, წესების დაცვა კი არათანმიმდევრული, უარყოფითად მოქმედებდა მის მცდელობაზე, შეენარჩუნებინა ნეიტრალურობა და ყოფილიყო სამართლიანი მონაწილე ყველა მხარის მიმართ.
  • საბოლოო დანიშვნა გაიმართა ოპოზიციის ბოიკოტის დროს, რომელიც გამოწვეული
    იყო პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით და
    მიმდინარეობდა პოლიტიკური დაძაბულობის მაღალი დონისა და საზოგადოების
    პროტესტის ფონზე. 12 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასცა 19
    კანდიდატიდან 14 კანდიდატის დანიშვნის რეკომენდაცია კენჭისყრის საფუძველზე,
    რომელშიც თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებმა
    მიიღეს მონაწილეობა.
  • კენჭისყრამდე არსებით განხილვას ან კანდიდატების დამსახურების დასაბუთებას ადგილი არ ჰქონია. ამ მიდგომამ საფრთხე შეუქმნა გამჭვირვალე, დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს, ვერ უზრუნველყო ინფორმაციის მიწოდება პარლამენტისათვის და გაზარდა მიკერძოებული შეხედულებების საფუძველზე პლენარული კენჭისყრის წარმართვის რისკი
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრიდან ორი კვირის შემდეგ ვალდებული იყო
    პარლამენტისთვის წარედგინა ახალი კანდიდატები დარჩენილი ექვსი ვაკანტური
    პოზიციისთვის და 26 დეკემბერს წარადგინა ისინი. თუმცა სახალხო დამცველის
    სარჩელი მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს დროებით შეჩერების შესახებ, მისი
    კონსტიტუციურობის დასადგენად, კვლავ სასამართლო განხილვის პროცესშია.
  • ODIHR-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს რიგი ინციდენტისა, როდესაც
    პარლამენტის წევრები შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და
    კანდიდატებთან ცხარე კამათში ჩაერთნენ. რამდენიმე ასეთმა ინციდენტმა
    ხანგრძლივი შეფერხება გამოიწვია, ხოლო ერთი დასრულდა ფიზიკური
    დაპირისპირებით.
  • იურიდიული კომიტეტის მიერ პლენარული სხდომისთვის რეკომენდაციების გაცემის
    კენჭისყრის დასრულებიდან პარლამენტმა დაუყონებლივ, მხოლოდ რამდენიმე
    წუთში, უყარა კენჭი საკითხს, მიუხედავად კენჭისყრის გადადების მოწოდებებისა,
    პარლამენტის წევრების თხოვნისა, გამართულიყო დამატებითი დებატები და
    პლენარულ სხდომებზე სერიოზული შეფერხებების არსებობისა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია ის დადებითი მოვლენებიც, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ახლდა თან:

  • პირველად, კანონმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენის საჯარო, პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც საშუალება მისცა საზოგადოებას, შეეფასებინათ კანდიდატების დამსახურება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პროცესის გამჭვირვალობა.
  • ამავდროულად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტში გასაუბრებამ საზოგადოებას მისცა პროცესზე დაკვირვების საშუალება.
  • დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტარები კეთილგანწყობით უსვამდნენ შეკითხვებს იმ კანდიდატებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, დასმული ფართო სპექტრის შეკითხვები რელევანტური იყო კანდიდატთა დამსახურების და შესაბამისობის შესაფასებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი